
სოხუმი ქართველი პარტიზანების საქმიანობის შესაძლო განახლებას აპროტესტებს
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას საკმარისი ძალა გააჩნია იმისათვის, რომ “ადექვატური პასუხი გასცეს“ იმ შემთხვევაში, თუ ქართველი პარტიზანები გალის რაიონში თავიანთ საქმიანობას განაახლებენ, იტყობინება “აფსნიპრესი“.
აფხაზეთის ოფიციალური პირების ამ კომენტარს წინ უძღოდა ქართული პარტიზანული დაჯგუფების “თეთრი რეგიონის“ ყოფილი მეთაურის ზურაბ სამუშიას განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ გალში უსაფრთხოების კუთხით გაუარესებული ვითარების საპასუხოდ საჭიროა პარტიზანული მოძრაობის აღდგენა.
საქართველოს ხელისუფლებამ პარტიზანული ჯგუფები – “თეთრი ლეგიონი” და “ტყის ძმები” – გასულ წელს დაშალა. ამ ნაბიჯს ოფიციალური სოხუმი მიესალმა.
გაზეთ “რეზონანსი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თემურ მჟავია წინდახედული პასუხი გასცა კითხვაზე განახლდება თუ არა პარტიზანული ჯგუფების საქმიანობა აფხაზეთში. “ეს პოლიტიკური განხილვის საგანი უნდა გახდეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობას აქვს არსებობის უფლება“, – განაცხადა მჟავიამ.
თუმცა, სამეგრელოს რეგიონის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ “რეზონანსს“ განუცხადა , რომ ხელისუფლება “არ უჭერს მხარს პარტიზანული მოძრაობების აღდგენას. მათ ჩვენთვის არანაირი შედეგი არ მოუტანიათ“.