
პარლამენტი გალში მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს გმობს
პარლამენტის სხდომაზე დღეს დეპუტატებმა დაგმეს სოხუმში 21 წლის დანიელ წურწუმიას გარდაცვალების ფაქტი, რომელიც ქართული მხარის განცხადებით აფხაზმა სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს, როდესაც ამ უკანასკნელმა აფხაზეთის არმიაში სამსახურზე უარი განაცხადა.
აღნიშნული ფაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 ნოემბერს სპეციალურ განცხადებაში დაგმო და რუსი სამშვიდობოები “უმოქმედობაში“ დაადანაშაულა.
პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ “რამდენად არაეფექტურია რუსი სამშვიდობოების მისია კონფლიქტის ზონაში და რამდენად სამართლიანია ქართული მხარის პრეტენზიები“ ამ მხრივ.
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსულ მხარეს ან შეასრულოს თავისი ფუნქციები ან დაანებოს თავი დემაგოგიას და საქართველოს დადანაშაულებას კონფლიქტის ინსპირირებაში… არ იქნება ასე, თებერვლიდან დავიწყებთ სამშვიდობოების გაყვანის პროცესს ჯერ სამაჩაბლოდან, ხოლო ივნისში კი აფხაზეთიდან“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში კონფლიქტის ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხს 10 ოქტომბერს დამტკიცებული პარლამენტის სპეციალური დადგენილება ითვალისწინებს.
დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციური ფრაქციის “დემოკრატიული ფრონტის“ წევრმა ზვიად ძიძიგურმა სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში არსებული ვითარებების გაცნობის მიზნით პარლამენტში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას მისვლა და ინფორმაციის წარმოდგენა მოითხოვა. მის წინადადებას პარლამენტის ხელმძღვანელობა დაეთანხმა.