skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი მთავრობას აკრიტიკებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის წევრები გააკრიტიკა “ხალხთან პირდაპირი კონტაქტების” უქონლობის გამო, ხოლო ქვედა დონის ბიუროკრატიას “შეშინებული, უმოქმედო და უაზრო“ უწოდა. ხელისუფლების ზოგიერთმა ოპონენტმა პრეზიდენტის ეს საჯაროდ გამოთქმული კრიტიკა მიიჩნია, როგორც “PR აქცია“ ვარდების რევოლუციის ორი წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა სხვებმა აღნიშნეს, რომ ეს შესაძლოა მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების ნიშანი იყოს. 


მიხეილ სააკაშვილი 2 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე გამოვიდა სიტყვით. სხდომის ეს მონაკვეთი ქართულმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს.


“ჩვენ შევძელით კორუფციის აღმოფხვრა მთავრობაში და ყველა ძირითად სტრუქტურაში. მაგრამ ვფიქრობ, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს ხალხთან პირდაპირი კონტაქტების კუთხით. არც ერთი მინისტრი – რამდენიმე გამონაკლისის გარდა – არ პასუხობს სატელეფონო ზარებს. პრემიერ-მინისტრი ყოველთვის პასუხობს სატელეფონო ზარებს, ვინც არ უნდა რეკავდეს, უბრალო მოქალაქეც რომ იყოს… თუ მე თქვენთან უცხო ნომრიდან ვრეკავ, და არა ჩემი ნომრიდან, თქვენ არ მპასუხობთ, გარდა კახა ბენდუქიძისა [სახელმწიფო მინისტრი რეფორმების საკითხებში]. ამ მახსოვს, რომ ლადო ჭიპაშვილმა [ჯანდაცვის მინისტრი] რომელიმე სატელეფონო ზარს უპასუხოს. თქვენ იმპერატორები არ ხართ; თქვენ ხართ პატარა ქვეყნის პატარა სამინისტროების მინისტრები. თქვენ უნდა უპასუხოთ ჩვენი მოქალაქეების ნებისმიერ კითხვებზე და ყოველთვის ხალხში უნდა იყოთ. თბილისის მერმა [გიგი უგულავამ] მეტროთი და ავტობუსით დაიწყო სამსახურში სიარული და მე ამას მივესალმები… უნდა იყოს სრული ურთიეთკავშირი საზოგადოებასთან… ნუ იმალებით თქვენს კაბინეტებში, რადგანაც ის მინისტრები, რომლებიც დაიმალებიან თავიანთ კაბინეტებში, ძალიან მალე იქნებიან გაძევებულნი“, – განაცხადა სააკაშვილმა.


31 ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი რეგიონების რწმუნებულებს შეხვდა და იმავე მიზეზის გამო გააკრიტიკა ისინი. შეხვედრაზე სააკაშვილმა მათ “ხალხთან ახლო კონტაქტების“ დამყარებისკენ მოუწოდა. სააკაშვილმა დაავალა მათ რეგულარული შეხვედრების გამართვა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, რათა გაირკვეს, როგორც მან განაცხადა, “რა იმედები გაუცრუვდა მოსახლეობას ვარდების რევოლუციის შემდეგ“.


პრეზიდენტმა 2 ნოემბერს მთავრობის წევრები მოუქნელი ბიუროკრატიის გამო გააკრიტიკა, რაც მისი თქმით, “ტანჯავს“ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, განსაკუთრებით რეგიონებში. “ნებისმიერი სახის ნებართვის აღება გრძელი და რთული პროცესია“, – დასძინა მან.   


მისი თქმით, “არ არიან ბიუროკრატები, რომლებიც ქრთამს იღებენ, თუმცა არიან ბიუროკრატები, რომლებიც გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ“.


“შეშინებული ბიუროკრატი ზის, რომელიც მერაბიშვილის [შინაგან საქმეთა მინისტრის] ან ადეიშვილის [გენერალური პროკურორის] შიშით ქრთამს არ იღებს, მაგრამ მას რაიმე სასარგებლოს გაკეთებაც არ უნდა. ათასობით ამგვარი შემთხვევა არსებობს. რეალობა ის არის, რომ ახლა ჩვენ შეშინებული, უმოქმედო და უაზრო ბიუროკრატია გვაქვს… ქრთამის აღება ისჯება, თუმცა არა ინიციატივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“ძალიან კარგი რეფორმები ხორციელდება იუსტიციის სამინისტროში… მაგრამ, მიდით და სცადეთ პასპორტის აღება, ვთქვათ, თელავში და დაინახავთ, როგორ გაწამებენ და რამდენჯერ მიგიყვანენ. თქვენ დაინახავთ მოხდა თუ არა რევოლუცია ამ სექტორში. და საერთოდ რისთვის მოხდა რევოლუცია, თუ მაგალითად ახალსოფლის მაცხოვრებელს უხდება თელავში ჩასვლა და ოცჯერ მისვლა პასპორტის ასაღებად“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, მთავრობას უნდა ესმოდეს, რომ ჩვეულებრივმა ხალხმა მიიყვანა ისინი თავიანთ სამსახურებში და “უნდა ვისწავლოთ ჩვენი ხალხის სამსახური“.


“ასე რომ, გამოფხიზლდით და იმუშავეთ ამ მიმართულებით“, – მიმართა მინისტრებს პრეზიდენტმა.


ოპოზიციური პარტიის “კონსერვატორების“ ლიდერის, დეპუტატ კობა დავითაშვილის განცხადებით, ეს “საჯარო საყვედური“ მხოლოდ PR აქცია იყო. “ეს უბრალოდ შოუ იყო. ის [პრეზიდენტი] იტყუება და ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის; ხალხის მოტყუება უკვე შეუძლებელია“, – განუცხადა დავითაშვილმა “სივილ ჯორჯიას“.


დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა “რესპუბლიკელებიდან“ აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პრეზიდენტმა საჯაროდ გააკრიტიკა მთავრობა.


“რა თქმა უნდა, ეს ნათელი ნიშანი იყო იმისა, რომ პრეზიდენტი მთავრობით უკმაყოფილოა. დადებითი მომენტია, რომ ეს ფაქტი მოხდა. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გულწრფელია ხალხთან ურთიერთობაში და ის მართლაც წუხს არსებული პრობლემების გამო, თუმცა არ იცის როგორ მოაგვაროს ისინი, რადგანაც ის გამოუცდელია…არა მგონია, რომ ეს მთავრობა შეძლებს თავისი საქმიანობის გამოსწორებას და ვფიქრობ, რომ ჩვენ მთავრობის შეცვლის მოწმენი გავხდებით“, – განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა “სივილ ჯორჯიას“.

Back to top button