
ჩხიკვიშვილი თბილისის სამოქმედო გეგმას სამხრეთ ოსეთზე სკეპტიკურად უყურებს
რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა 1 ნოემბერს განაცხადა, რომ თბილისის მიერ გასულ წელს შემოთავაზებული “სამეტაპიანი“ გეგმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით უფრო რეალურია, ვიდრე ქართული მხარის მიერ 27 ოქტომბერს ვენაში ეუთოს მუდმოვმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაჟღერებული სამოქმედო გეგმა.
“ვფიქრობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიუ-იორკში [გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე] წარდგენილი სამეტაპიანი გეგმა ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე შემოთავაზება ერთ წელიწადში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე [სამოქმედო გეგმა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ეუთოს საბჭოს სხდომაზე წარადგინა]. ამგვარი კონფლიქტების მოგვარება ერთ წელიწადში შეუძლებელია“, – განუცხადა დღეს რუსმა დიპლომატმა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მერაბ ანთაძესთან შეხვედრამდე.