ახალი ამბები

საქართველომ ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტები გააჟღერა

ევროკავშირის “ტროიკას“ დელეგაციის წევრებმა, რომლებიც საქართველოს 25 ოქტომბერს სამდღიანი ვიზიტით ეწვივნენ, მზადყოფნა გამოხატეს საქართველოსთან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის თაობაზე ინდივიდუალური მოლაპარაკებების “რაც შეიძლება სწრაფად“ დაიწყონ. 


“ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. არსებობს გარკვეული პრობლემები, რომელთაც, იმედი გვაქვს, მალე მოვაგვარებთ და მინდა დავარწმუნო ქართული მხარე, რომ ის რასაც ჩვენ საქართველოსთან განვიხილავთ, არის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა, რომელიც სპეციალურად იმაზე იქნება მორგებული, თუ რისი გაკეთება სურთ საქართველოს და ევროკავშირს ერთად. იქნება ინდივიდუალური მოლაპარაკებები, იქნება ინდივიდუალური გეგმები და ჩვენი სურვილია, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ბრაიან ფოლმა 25 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრის შემდეგ.


ევროკავშირის “ტროიკას“ დელეგაციაში ასევე შედიოდა ევროკომისიის ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი კურტ იული. დელეგაციას თან ახლდა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჰეიკი ტალვიტიე.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ ევროკავშირის “ტროიკას“ საქართველოს ხელისუფლების იმ პრიორიტეტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებზეც ყურადღება იქნება გამახვილებული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ეს პრიორიტეტებია:


• კანონის უზენაესობის სფეროში თანამშრომლობა – სასამართლო სისტემაში სიტუაციის რადიკალური შეცვლა და გენერალური პროკურატურის და იუსტიციის სამინისტროს რეფორმირება;
• უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, კერძოდ  საზღვრის დაცვის საკითხებზე თანამშრომლობა;
• ე.წ. “ოთხი თავისუფლების“ თაობაზე თანამშრომლობა. საქართველოს აქცენტს აკეთებს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის ხელშეწყობაზე;
• ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობა;
• განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობა;
• კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება;
• გარემოს დაცვა;
• რეგიონალური თანამშრომლობა.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button