
ევროკავშირი მზად არის კონფლიქტების დარეგულირებაში პოზიტიური როლი ითამაშოს
თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ევროკავშირის “ტროიკას“ წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს, რომ ევროკავშირი “მხარს დაუჭერს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიმართული იქნება [სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის] კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ“.
ევროკავშირის წარმომადგენელებმა “პოლიტიკური საკითხი“ უწოდეს ქართული მხარის ინიციატივას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) მუშაობაში ევროკავშირის აქტიურად ჩართვის თაობაზე, რომელიც “შესაბამის გადაწყვეტილებას საჭიროებს“.
“ეს პოლიტიკური საკითხია. რუსეთის მხრიდან იყო მინიშნება, რომ ისინი კმაყოფილები არიან იმ შემადგენლობით [ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური], რომელიც შსკ–ში დღესდღეობით არსებობს. ქართველებს აქვთ სრული უფლება იყვნენ ამით უკმაყოფილოები და თქვან, რომ ეს უფრო წარსულს ასახავს, ვიდრე მომავალს“, – განაცხადა 27 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ბრაიან ფოლმა.
მისი თქმით, “ევროკავშირი მოხარული იქნება ითამაშოს პოზიტიური როლი[კონფლიქტის დარეგულირებაში], რამდენადაც ეს შესაძლებელია“.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰეიკი ტალვიტიემ აღნიშნა, რომ შსკ–ს სხდომებს დამკვირვებლის სტატუსით ევროკავშირის წარმომადგენელი რეგულარულად ესწრება.