
პარლამენტმა საგამოძიებო კომისია დააკომპლექტა
დღეს საქართველოს პარლამენტმა 135 ხმით ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება 13 ოქტომბერს შექმნილი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების თაობაზე, რომელიც საბაჟო ტერმინალ “ოპიზაში“ დეპუტატების ბიზნეს–ინტერესებს შეისწავლის.
თუმცა პარლამენტმა ჩააგდო კომისიის თავმჯდომარედ კობა დავითაშვილის კანდიდატურა, რომელიც ამ პოსტზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილი ერთადერთი კანდიდატურა იყო. წინასწარ იყო ცნობილი, რომ დავითაშვილს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ უჭერდა.
“ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ოპოზიციის სხვა კანდიდატურებს”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
15– წევრიან კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა – “ნაციონალური მოძრაობა“ კუთვნილი 7 –კაციანი კვოტის დათმობის შედეგად 5 წევრით არის წარმოდგენილი: ნიკა გვარამია, ნინო კალანდაძე, კობა დვალიშვილი, კახა სუხიშვილი და თემურ ჟორჟოლიანი.
ხელისუფლებისადმი ლოიალურ ფრაქციებს “მაჟორიტარებს“ და “დამოუკიდებელ მაჟორიტარებს“ კომისიაში ორ–ორი წევრი ჰყავთ, შესაბამისად, ნუგზარ შოშიაშვილი, ფრიდონ რუხაია და ბადრი ხატიძე, ლევან გზირიშვილი. ფრაქცია “საქართველოს რეგიონებს“ კი, რომელიც ასევე ლოიალურია ხელისუფლების მიმართ, კომისიაში ერთი წევრი გურამ ვახტანგაშვილი ჰყავს წარმოდგენილი.
საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის 5 წარმომადგენელი იმუშავებს: “მემარჯვენე ოპოზიციიდან“ ფიქრია ჩიხრაძე და გიორგი ცაგარეიშვილი; დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით კობა დავითაშვილი, ლაშა ნაცვლიშვილი (ახლად შექმნილი ფრაქციიდან “დემოკრატიული ფრონტი”) და თემურ დოლიშვილი (ლეიბორისტი).
საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზეზი გახდა დეპუტატ კობა ბექაურისა და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ტელეკომპანია “202“–ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის ირგვლივ აგვისტო–სექტემბერში ატეხილი აჟიოტაჟი და სტუდია “რეპორტიორის“ მიერ საბაჟო ტერმინალ “ოპიზაში” დეპუტატ კობა ბექაურის ბიზნეს–ინტერესებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი.