ახალი ამბები

ქართული პრესა ზურაბიშვილის გათავისუფლების შესახებ

21 ოქტომბერს გამოქვეყნებული ქართული გაზეთების მთავარ თემას საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი და შემდგომი მოვლენები წარმოადგენს.  ბევრი გაზეთი ვარაუდობს, რომ ზურაბიშვილის გათავისუფლებით ხელისუფლებამ გავლენიანი  პოლიტიკური ფიგურა შექმნა.


გაზეთი “24 საათი“ იტყობინება, რომ ეს სკანდალი რამდენიმე უცნაური მახასიათებლით გამოირჩეოდა. “პირველი, სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, ზურაბიშვილმა არ დაწერა განცხადება წასვლაზე, არამედ იგი გაათავისუფლეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მან უარი თქვა კომპრომისზე… თუმცა, მას შეეძლო რომელიმე გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფს შეკვროდა და ოპონენტებთან ბრძოლაში მოკავშირეებს დაყრდნობოდა. მაგრამ, ეს საკმაოდ გრძელი, რთული და ინტრიგებით აღსავსე გზა იქნებოდა. სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ღირსებებთან კომპრომისზე წასვლა არ ისურვა“, – აცხადებს გაზეთი.


გაზეთი ასევე აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ერთსულოვანი იყო ზურაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნაში, რაც აფიქრებინებს გაზეთს, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ კამპანია “ზემოდან“ იყო ნაკარნახევი.


გაზეთის თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ასევე გამოავლინა “შევარდნაძის მმართველობის დროინდელი ფორმულა, რომლის მიხედვითაც, საგარეო პოლიტიკაში მოპოვებული წარმატება პრეზიდენტს უნდა მიეწეროს“. გაზეთი გულისხმობს ხელისუფლების მცდელობას დააკნინოს სალომე ზურაბიშვილის როლი რუსეთთან სამხედრო ბაზებზე წარმატებულ მოლაპარაკებებში.


გაზეთს ასევე უცნაურად მიაჩნია ის ფაქტი, რომ დეპუტატები ზურაბიშვილს პარლამენტთან “არაკონსტრუქციულ თანამშრომლობაში“ ადანაშაულებენ. “საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბევრი თავისი კოლეგისგან განსხვავებით, დეპუტატების ლამის ყველა დაძახილზე პარლამენტში ცხადდებოდა და თავისი საქმიანობის შესახებ კანონმდებლებს ანგარიშს აბარებდა. ბოლო დროს 10 დღის განმავლობაში ორჯერ წარსდგა პარლამენტარების წინაშე საანგარიშო მოხსენებით“, – წერს “24 საათი”, თან დასძენს, რომ ზურაბიშვილის გათავისუფლება არ ნიშნავს მის დაცემას და მის მხარდასაჭერად გამართული უზარმაზარი აქცია ამის დამადასტურებელი იყო.


გაზეთი “რეზონანსი“ წერს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა სალომე ზურაბიშვილზე ნადირობა დაიწყეს მისი უზარმაზარი პოპულარობის გამო. გაზეთი იტყობინება ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ზურაბიშვილს აქვს შანსი გაზარდოს თავისი პოპულარობა. “თუმცა, ეს მის მომავალ პოლიტიკურ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული, ვისთან შეიკვრება იგი და ვინ იქნება მის პოლიტიკურ გუნდში“, – დასძენს იგი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button