
ბეჟუაშვილი: საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი წარადგინა, რომელმაც ამ პოსტზე 19 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი შეცვალა.
გელა ბეჟუაშვილმა ოფიციალური წარდგინების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არ იქნება შეცვლილი.
“საგარეო პოლიტიკური კურსი ქვეყანამ აიღო და საქართველოს ხალხმა განსაზღვრა ის მაშინ, როდესაც ქვეყანამ და ხალხმა აირჩია საქართველოს პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი], ეს ხელისუფლება, ეს პარლამენტი, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.
გელა ბეჟუაშვილმა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის მუშაობაზე განაცხადა, რომ იგი ეთანხმება 20 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან საგარეო უწებაში არსებული “ქაოსისა და დეზორგანიზაციის“ შესახებ გამოთქმულ კრიტიკას.
“მეც ვხედავდი, რომ აქ [საგარეო საქმეთა სამინისრტოში] ხარვეზებს ჰქონდა ადგილი. ჰქონდა ადგილი არაპროფესიონალიზმს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციაში არ არსებობს კარგი დიპლომატების ღერძი, ის ჯგუფი, ის გუნდი, რომელიც უნარიანია გაატაროს აღებული საგარეო კურსი და გააკეთოს ის, რაც ევალებათ“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.