
არველაძე: საქართველოს საგარეო კურსი არ იცვლება
ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნა ქვეყნის დასავლეთისკენ ორიენტირებულ საგარეო კურსს არ შეცვლის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ 20 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
არველაძემ, რომლის დეპუტატის უფლებამოსილებაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის შემდეგ შეწყდება, “ახალი მემარჯვენეების ” განცხადების თაობაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილის გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლების დასავლეთისკენ ორიენტირებული საგარეო კურსის ცვლილებად შეფასდა.
“საქართველომ მყარი დასავლური კურსი აიღო, რომლის გარანტი და განმაპირობებელი, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის პრეზიდენტი და ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანია… თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს სახელმწიფო კურსი რომელიმე ერთი მინისტრის თანამდებობაზე ყოფნაზეა დამოკიდებული, მაშინ მას სრულებით ვერ გაუგია, თუ როგორ მუშაობს აქამდე ქვეყნის მთავრობა”, – აღნიშნა მან.