ახალი ამბები

უსუფაშვილი ზურაბიშვილის “რესპუბლიკურ პარტიაში” შესაძლო გაწევრიანებას მიესალმება

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი 19 ოქტომბერს თანამდებობიდან გათავისუფლებული საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის საკუთარი პარტიის რიგებში შესაძლო გაწევრიანებას “ჯერ-ჯერობით ნაადრევ ნაბიჯს“ უწოდებს. ხელისუფლების მხრიდან მის გათავისუფლებას კი მთავრობის “უნიათობად, არაორგანიზებულობად“ აფასებს და აცხადებს, რომ “ხელისუფლებამ მართვის სისტემის აწყობა ვერ შეძლო“.


“რესპუბლიკურ პარტიას ბევრი ლიდერი ჰყავს, ამ წრის გაფართოება სასურველია, მაგრამ ქალბატონი სალომე ჯერ თავად უნდა ჩამოყალიბდეს, მკაფიოდ გააცნოს [საზოგადოებას] თავის სამომავლო გეგმები. წელიწადნახევარი იგი [სალომე ზურაბიშვილი] იმ მთავრობის წარმომადგენელი იყო, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ გამოვდიოდით, ახლა მთავარი ქმედება უკვე მასზეა დამოკიდებული“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ დავით უსუფაშშვილმა.


“ჩვენი მხრიდან წამოსული ინიციტივა პარტიის რიგებში გაწევრიანების თაობაზე არ იქნება სწორი“, – დასძინა მან.  


დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ სალომე ზურაბიშვილის გადაყენების მოთხოვნა ცალკეული დეპუტატების მხრიდან უფრო “პიროვნული გაღიზიანების გამოვლინებაა“.


“სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის უპატივცემულობაში დადანაშაულება, მაშინ როცა სხვა მინისტრების მხრიდან უფრო მკაფიოა [პარლამენტისადმი უპატივცემულობა] და მისი გადაყენების საკითხის ასე სკანდალამდე მიყვანა დაუშვებელია. უფრო პიროვნული გაღიზიანებით იყო გამოწვეული ის განცხადებები, რაც მინისტრის მისამართით ისმოდა. ის მოტივები, რაც ოფიციალურად გაცხადდა – აგორებული კამპანია ქალბატონი სალომეს წინააღმდეგ, არარეალურია“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ დავით უსუფაშვილმა.


განცხადება სალომე ზურაბიშვილის გადაყენების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 19 ოქტომბერს გააკეთა, რასაც წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტთან პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის უმრავლესობის და თავად სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციები.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button