
ხაინდრავა სოხუმში და მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრების მნიშვენლობაზე საუბრობს
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, ქართული მხარე 20-21 ოქტომბერს სოხუმში გაეროს ეგიდით დაგეგმილ ქართულ- აფხაზურ შეხვედრაზე და 24-25 ოქტომბერს მოსკოვში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითებზე მომუშავე შერეულ საკონტროლო კომისიის სხდომაზე მკაცრად დააყენებს რუსეთის სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის საკითხს.
გიორგი ხაინდრავას განცხადებით, ქართულ მხარეს აინტერესებს, აპირებს თუ არა რუსეთი სამშვიდობო პროცესში ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, კერძოდ კონფლიქტის მხარეებს შორის შეთანხმებების შესრულებლის გარანტის როლის განხორციელებას.
“მიკიბ-მოკიბული ლაპარაკის დრო წავიდა… ეს დაემსგავსა მოჯადოებულ წრეს… ჩვენ გვაინტერესებს რუსეთს სურს თუ არა იმ ვალდებულებების შესრულება, რაც წლების წინ ნებაყოფლობით იკისრა[ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების მიზნით]“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ხაინდრავამ.
“20 სექტემბერს [ცხინვალის დაცხრილვა] სამშვიდობოებმა ხელი მოაწერეს თავის უსუსურობას და აჩვენეს, რომ თავიანთი მანდატის შესრულებას არ აპირებენ… სამშვიდობო ოპერაციებმა სრული კრახი განიცადეს“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს შეეგუოს “სამშვიდობოების ფარდის მიღმა საკუთარი ტერიტორიების ანექსიას“.
მისი თქმით, 24-25 ოქტომბერს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე, რომელშიც ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების გარდა რუსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლებიც არიან ჩართული, ქართული მხარე მოითხოვს კომისიის ფორმატის შეცვლას, კერძოდ მის გაფართოებას და მასში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას.
სახელმწიფო მინისტრი დარწმუნებულია, რომ შერეულმა საკონტროლო კომისიამ ასე თუ ისე იმუშავა, თუმცა აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებების 60% შესრულების შემთხვევაში ქართულ-ოსური კონფლიქტი მოგვარებული იქნებოდა.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართვა, როგორც ქართულ- აფხაზური, ისე ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით, რითაც აქტიურადაა დაკავებული საქართველოს ხელისუფლება.