skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი საქართველოს პარლამენტის დადგენილებას პასუხობს

12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის დადგენილებას , რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში განთავსებულ რუს სამშვიდობოებს მოქმედების საბოლოო ვადას უწესებს, “მიკერძოებული“ და “პროვოკაციული“ უწოდა, რომელიც სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ისახავს მიზნად.


პარლამენტის დადგენილება, რომელიც 11 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე ერთხმად დამტკიცდა, საქართველოს მთავრობას ავალებს მიიღოს ზომები სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე, თუ სამშვიდობო ძალების საქმიანობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არ გამოსწორდება შესაბამისად 2006 წლის 10 თებერვლისა და 2006 წლის 1 ივლისისთვის.


“აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციის აშკარად მიკერძოებული და არაობიექტური შეფასების გარდა, დოკუმენტი შეიცავს უხეშ გამოხდომებს რუსეთის მისამართით … [დადგენილების] მთავარ სამიზნეს რუსი სამშვიდობო ძალები წარმოადგენენ… ქართველმა პარლამენტარებმა ულტიმატუმის ენა აირჩიეს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.


“რუსული მხარე დადგენილებას პროვოკაციულ ნაბიჯად მიიჩნევს, რომელიც დაძაბულობის გამწვავებისკენ, მოლაპარაკებების ფორმატის ჩაშლის, საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების იურიდიული ბაზის ლიკვიდაციისკენაა მიმართული. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებში რუსეთის დადანაშაულებით, ამ ქვეყნის პარლამენტი აშკარად ცდილობს პასუხისმგებლობა მტკივნეული თავის ნაცვლად ჯანმრთელს დააკისროს“, – ნათქვამია განცხადებაში.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსეთმა, უცხოელ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ძალ-ღონე არ დაიშურა “იმ ფაქიზი ბალანსის შესანარჩუნებლად“, რომელიც საგრძნობლად შეარყია როგორც ქართველი პოლიტიკოსების სამხედრო რიტორიკამ, ისე “მათმა პირდაპირმა მცდელობებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები სამხედრო ძალის გამოყენებით მოეგვარებინათ“. 


“მხოლოდ არსებული სამშვიდობო მექანიზმების გამოისობით გახდა შესაძლებელი სიტუაცია კონტროლს დაქვემდებარებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.


“თბილისის უპასუხისმგებლო ქმედებებმა შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. საქართველოში უნდა გაიგონ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს იმ ძალისმიერ ვარიანტს, რომლისკენაც ზოგიერთი იხრება“, – ნათქვამია განცხადებაში.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ახსენებს ქართულ მხარეს, რომ მოლაპარაკებების არსებული ფორმატი აერთიანებს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ გაეროს, დსთ-ს, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარ ქვეყნებს აფხაზეთთან მიმართებაში და ეუთოს სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. “[არსებული ფორმატები] შეიქმნა კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე“, – ნათქვამია განცხადებაში.


“რუსული მხარე იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოს არსებული საერთაშორისო შეთანხმებების შესრულება, თავიდან აიცილოს სიტუაციის დესტაბილიზაცია რეგიონში და დაიცვას იქ მცხოვრები რუსი მოქალაქეების უფლებები და ინტერესები“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button