skip to content
ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს ოსეთთან დაკავშირებით აკრიტიკებს

3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული მხარე 20 სექტემბერს ცხინვალის დაცხრილვაში დაადანაშაულა და  საქართველოს პარლამენტის გეგმას რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე “პროვოკაცია“ უწოდა.


“სიტუაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საგრძნობლად გაუარესდა 20 სექტემბერს ცხინვალის დაცხრილვის შემდეგ. ექსპერტების თქმით, ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი ქართული ტერიტორიიდან გაიხსნა“, – ნათქვამია განცხადებაში.


“ასევე დაიძაბა პოლიტიკური ატმოსფეროც. ქართულმა პროპაგანდამ ოფიციალური პირების მონაწილეობით თავდასხმების ობიექტად შეარჩია რუსეთი, რუსი სამშვიდობოები და შერეული საკონტროლო კომისიის და შერეული სამშვიდობო ძალების ფარგლებში კონფლიქტის დარეგულირების მთლიანი მექანიზმი “, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22-23 სექტემბერს თავისი წარმომადგენელი ვალერი კენიაიკინი მიავლინა მხარეებს შორის შუამავლის როლის შესრულების მიზნით.


“იგი [ვალერი კენიაიკინი] შეხვდა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს… თუმცა ცხინვალის გაწონასწორებული წინადადებები სიტუაციის ნორმალიზების თაობაზე თბილისმა უარყო, სადაც კიდევ უფრო გაიზარდა ანტირუსული და ანტიოსური რიტორიკა. ნათელია, რომ აშკარად პროვოკაციული მიზნით საქართველოს პარლამენტი ამზადებს მოლაპარაკებების ფორმატის ჩაშლის, შსკ-ს და შერეული სამშვიდობო ძალების საქმიანობის შეწყვეტის საკითხის დესტრუქციულ განხილვას“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button