ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერები შუალედური არჩევნების შედეგებზე კომენტარს აკეთებენ

“ახალმა მემარჯვენეებმა“ და “კონსერვატორებმა“ დაგმეს 1 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური არჩევნები და მას უსამართლო უწოდეს, თუმცა მიესალმნენ საარჩევნოდ ოთხი ოპოზიციური პარტიის თანამშრომლობას.


ოთხი ოპოზიციური პარტია – ახალი მემარჯვენეები, კონსერვატორები, თავისუფლება და ლეიბორისტული პარტია გაერთიანდა და პრაიმერის ჩატარების გზით  მაჟორიტარული არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატები წარადგინა. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, არჩევნები ხუთივე საარჩევნო ოლქში “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატებმა მოიგეს.


“ეს იყო სამარცხვინო არჩევნები … იყო შემთხვევები რეგისტრირებული ამომრჩევლების ამოღებისა სიებიდან, ამგვარად, მათ ჩამოერთვათ ხმის უფლება … ჩვენ უკვე შევიტანეთ საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში ქობულეთის ოლქში მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით“, – განუცხადა “კონსერვატორების“ ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა “სივილ ჯორჯიას“ 2 ოქტომბერს.


თუმცა, მისი თქმით, ეს არჩევნები სასარგებლო გამოცდილება იყო, პირველ რიგში, თანამშრომლობის თვალსაზრისით. “ჩვენ [ოთხი ოპოზიციური პარტია] ახლა თანამებრძოლები ვართ და ამ თანამშრომლობის გაგრძელებას ვგეგმავთ. ეს თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვისაც [მომავალ წელს]“, – დასძინა კობა დავითაშვილმა.


“ხელისუფლებამ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი, რათა არ დაეშვა ერთი ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვებაც კი“, – განუცხადა “ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ “სივილ ჯორჯიას“ 2 ოქტომბერს.


“დარღვევები, განსაკუთრებით, აჭარაში დაფიქსირდა. იყო დაშინების, მოსყიდვის და ამომრჩეველთა სიებიდან ამოშლის ფაქტები“,– დასძინა მან.


ფიქრია ჩიხრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ არჩევნებმა ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის დაწყება ცხადყო, “რომელიც ვიმედოვნებ, რომ გაგრძელდება“.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button