
პარლამენტი სამშვიდობოებს დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად კონკრეტულ ვადას დაუწესებს
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ დადგენილების პროექტში ჩაიწერება “გონივრული ვადა“, რათა სამშვიდობოებმა გამოასწორონ ვითარება და სრულად შეძლონ დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
“ბუნებრივია ერთკვირიანი ან ერთთვიანი ვადა არ იქნება ამისთვის საკმარისი, საუბარია გონივრულ ვადაზე“, – განუცხადა 26 სექტემბერს ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს, თუმცა კონკრეტული ვადა, რომელსაც პარლამენტი სამშვიდობოებს დაუწესებს არ დაუსახელებია.
მისი თქმით, დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსი სამშვიდობოების საქართველოდან გაყვანის საკითხი დადგება.
სამშვიდობოებისთვის პირობითი ვადების დაწესების საკითხს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის “კონსერვატორები“, სკეპტიკურად უყურებს და სამშვიდობოების გაყვანას დაუყოვნებლივ მოითხოვს.