skip to content
ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი ცხინვალის ინციდენტს “პროვოკაციას“ უწოდებს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ცხინვალის რეგიონში 20 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ მაშინ როცა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი კარგად მიმდინარეობდა და იგეგმებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრა, “მოვლენების ამგვარი განვითარება საქართველოს ინტერესებში ნამდვილად არ შედიოდა“.


“ამ პროვოკაციის შედეგად ყველა ლოგიკით ბრალდებები ქართული მხარისკენ იქნებოდა მიმართული“, – ნათქვამია ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაში, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ 21 სექტემბერს გაავრცელა.


მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი  საქართველოს პარლამენტში რუსი სამშვიდობოების მისამართით სერიზულ პრეტენზიებს უკავშირდებოდეს, “რომლებიც ამგვარი პატარ-პატარა პროვოკაციების ინსპირირებით არიან დაკავებულები“.


“რუს სამშვიდობოებს პროტესტის ნოტა არც მაშინ გაუვრცელებიათ, როდესაც [20 სექტემბერს] ე.წ. დამოუკიდებლობის დღეზე ცხინვალში მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. მათ კონფლიქტის ზონაში  შერეული ძალების [ახალი] ქართველი მეთაურის წარდგენაც კი ვერ უზრუნველყვეს“, – აცხადებს მინისტრი.


14 სექტემბერს ოსურმა მხარემ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში თავდაცვის მინისტრის მიერ დანიშნული შერეული სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის სარდალი პაატა ბედიანაშვილი არ შეუშვეს. ამის მიზეზად ოსურმა მხარემ ბედიანაშვილის 2004 წლის აგვისტოში მხარეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილეობა დაასახელა. 
 
მინისტრის თქმით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში  მიმდინარე მოვლენებზე რუსი მშვიდობისმყოფელები პასუხისმგებლობას თავიდან იცილებენ. “თუ ასე გაგრძელდა, მათ მუშაობას ამ რეგიონში აზრი ეკარგება“,- განაცხადა მინისტრმა.


ირაკლი ოქრუაშვილი მომხრეა შეიქმნას ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი ეუთოს ეგიდით, რომელიც დაადგენს საიდან და ვის მიერ მოხდა გასროლა კონფლიქტის ზონაში 20 სექტემბერს, რის შედეგადაც 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button