ახალი ამბები

სააკაშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია ბოლომდე გამოიძიოს 20 სექტემბერს ცხინვალში ნაღმების აფეთქების ინციდენტი, რის შედეგადაც 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის რაც ცხინვალის რეგიონში ბოლო დღეებში ხდება “უხეში გამოწვევაა ყველა შეთანხმებისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ“ .


პრეზიდენტის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის თემა ეს რუსეთ–საქართველოს საკითხია. “აღარ არის სირაქლემის პოზიციაში ყოფნის დრო… საბოლოო ჯამში რუსეთი მართავს ამ ანკლავს, რადგან რუსეთიდან გამოგზავნილი ადამიანების არიან იქ [ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაში] თანამდებობებზე”, –აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ კონფლიქტებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი დიალოგი გაიმართება.

“იმედი მაქვს ახალი დიალოგისა, რომელშიც ასევე მზად არის ჩაერთოს ამერიკული მხარე”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


“იქ [ცხინვალის რეგიონში] რომ პროვოკაციები ხდება,  ეს იმ ხალხის სინდისზეა, ვინც ჩვენ მეზობლად და ადგილზე მართავენ სიტუაციას… იქ მხოლოდ რუსები არიან და რუსები მართავენ სიტუაციას… იმ ხალხის სინდისზეა, რომლებიც უკვე მრავალი თვეა  ჩვენი[საქართველოს ხელისუფლების] სამშვიდობო ინიციატივების საპასუხოდ უარს ამბობენ შეხვედრაზეც კი, მოლაპარაკებებზე რომ არაფერი ვთქვა“,– განაცხადა 21 სექტემბერს პრეზიდენტმა.


მისი თქმით, 20 სექტემბრის ცხინვალის ინციდენტის გამოძიების პროცესში ხელისუფლება მზად არის ჩართოს ეუთო.


სააკაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ყველა მოქალაქე საქართველოს მოქალაქეა. “მათი უსაფრთხოების დაცვა ეს არის პირადად ჩემი ღირსების საკითხი“, – დასძენს პრეზიდენტი. 


პრეზიდენტმა გააპროტესტა  20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის ღონისძიებებზე დასასწრებად უცხო ქვეყნის მოქალაქეების სავიზო რეჟიმის დარღვევით მოხვედრა. 20 სექტემბერს ცხინვალს რუსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის პოლიტიკოსები სტუმრობდნენ.


“შემოსული იყვნენ დიდი რაოდენობით მოქალაქეები ყოველგვარი ვიზების და პასპორტების გარეშე, რაც არის ქართული კანონმდებლობის დარღვევა და ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადა დღეს პრეზიდენტმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button