
რუს სამშვიდობოთა მეთაური ცხინვალის დაცხრილვაზე კომენტარს აკეთებს
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა მარატ კულახმეტოვმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ “წინასწარი ინფორმაციით“, ცხინვალს ნაღმტყორცნიდან ცეცხლი სოფელ ნიქოზიდან გაუხსნეს.
“ამჯერად, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, თუ რომელი მიმართულებიდან გაიხსნა ცეცხლი – ეს იყო სოფელ ნიქოზი, რომელიც ძირითადად ქართველებითაა დასახლებული. ნიქოზი – ეს მხოლოდ მიმართულებაა და არ ნიშნავს, რომ ცეცხლი ქართველებმა გახსნეს… ზუსტი ადგილი, საიდანაც ცეცხლი გაიხსნა, დადგენილი არ არის“, – განუცხადა კულახმეტოვმა “რია ნოვოსტის“.
მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს. “სამი 120მმ ნაღმი აფეთქდა ცხინვალის ტერიტორიაზე დაახლოებით 7:15 საათზე, მოსკოვის დროით. შედეგად 10 ადამიანი დაიჭრა. სამი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია“, – განაცხადა სამშვიდობოების მეთაურმა.