ხაინდრავა თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს
დღეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული მხარე მოითხოვს ქართულ–ოსური კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) საგანგებო სხდომის 22–23 სექტემბერს მოწვევას კონფლიქტის ზონაში შექმნილი რთული ვითარების განმუხტვის მიზნით.
“უახლოესი დღეები და შსკ–ს სხდომის შედეგები გამოაჩენს დავრჩები თუ არა თანამდებობაზე. თუ არ იქნება ჩემი კოლეგების თანხმობა, რომ ჩვენი მუშაობა იყოს ეფექტური, ბუნებრივია, მე მარტო ვერაფერს გავხდები“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.
მისი შეფასებით, ის ვინც ცხინვალის მიმართულებით 20 სექტემბერს იერიში მიიტანა საქართველოს “მტერია”.
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 20 სექტემბერს საღამოს ცხინვალს ცეცხლი გაუხსნეს. ამ ინციდენტის შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წყვეტს მუშაობას შსკ–ს ფარგლებში, ვიდრე ქართული მხარე ბოდიშს არ მოიხდის ცხინვალის დაბომბვის გამო.
თუმცა ოფიციალური თბილისი უარყოფს ცხინვალის დამბომბვასთან რაიმე კავშირს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)