ახალი ამბები

ცხინვალი შსკ–ს მუშაობაში მონაწილეობას დროებით შეაჩერებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ ცხინვალი აღარ მიიღებს მონაწილეობას ქართულ–ოსური კონფლიქტის დარეგულირებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) მუშაობაში მანამ, სანამ ოფიციალური თბილისი ბოდიშს არ მოიხდის ცხინვალის დაბობმბვის გამო, იუწყება 21 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


შსკ–ს სხდომის გამართვა ვლადიკავკაზში სექტემბრის ბოლო დეკადაში იგეგმებოდა, სადაც კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება და დემილიტარიზაციის საკითხები უნდა გენეხილათ.


“სანამ ოფიციალური თბილისი ბოდიშს არ მოიხდის, ჩვენ შსკ–ს ფარგლებში მუშაობას შევწყვეტთ. ამ სიტუაციაში რთულია საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრაზე საუბარიც”,– განაცხადა ედუარდ კოკოითმა. ნოღაიდელი–კოკოითის შეხვედრა ასევე სექტემბრის ბოლოს იგეგმებოდა.


ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურად ჯიოევმა ასევე დაადასტურა, რომ სამხრეთ ოსური მხარე წყვეტს შსკ–ში მუშაობას. “კომისიის რომელ სხდომაზე შეიძლება მაშინ ლაპარაკი, როცა ქართველები ჯერ სამშვიდობო გეგმებზე საუბრობენ, შემდეგ კი მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან“, – იუწყება “რია ნოვოსტი” 21 სექტემბერს ჯიოევის სიტყვებზე დაყრდნობით.  


20 სექტემბერს, როცა ცხინვალში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ, დე ფაქტო რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის  მიხედვითაც საღამოს 7 საათზე ქართულ სოფელ ერგნეთიდან ცხინვალის მიმართულებით გახსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც  შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის ორი წლის ბავშვი, დაშავდა. თუმცა ქართულმა მხარემ უარყო 20 სექტემბრის საღამოს ცხინვალში განვითარებულ მოვლენებში რაიმე სახის მონაწილეობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button