ბურჯანაძე სამხრეთ ოსეთის სამხედრო აღლუმს გმობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დაგმო 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი და მას „უკანონობის ზეიმი“ უწოდა.
“ცხინვალში გამართული სამხედრო აღლუმი 1992 წლიდან ხელმოწერილი ყველა შეთანხმების დარღვევას ნიშნავს, ეს იყო უკანონობის, მსოფლიო საზოგადოების დამცირების ზეიმი და სამშვიდობო ძალების იგნორირება“,– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 20 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
ქართულმა ტელეკომპანიებმა გადასცეს სამხედრო აღლუმზე სიუჟეტები, სადაც ასახულია ცხინვალის მთავარ პროსპექტზე გამართული მსვლელობა ტანკებისა და ჯავშანტექნიკის მონაწილეობით. ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება კრძალავს სამხედრო ტექნიკის განლაგებას კონფლიქტის ზონაში, რომელშიც ცხინვალიც შედის.
19 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ნინო ბურჯანაძემ საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებს კონფლიქტის ზონებში სამშვიდობო ძალების როლსა და საქმიანობის შესახებ დადგენილების პროექტის მომზადება დაავალა. პარლამენტი ამ დადგენილებას მოსალოდნელია, რომ 27–30 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“-სთვის 20 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ვალერი კენიაიკინმა აღიარა, რომ შეთანხმების დარღვევის ელემენტები მართლაც სახეზეა, თუმცა დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარემ წინასწარ აცნობა მხარეებს ცხინვალში ამ აღჭურვილობის შეტანის თაობაზე – საუბარია 4 ტანკზე და 4 ერთეულ ჯავშანტექნიკაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)