ახალი ამბები

ფინანსური პოლიციის უფროსი პარლამენტში არ გამოცხადდა

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდა ფინანსური პოლიციის უფროსი დავით კეზერაშვილი, რომელსაც რამოდენიმე თვის წინ რესტორან “ნიკალას“ ქსელში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დეპუტატთა კითხვებზე მოუწევდა პასუხის გაცემა. კეზერაშვილის უწყებამ “ნიკალას” ინციდენტზე პარლამენტს მხოლოდ წერილობითი ინფორმაცია მიაწოდა.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მკაცრად გააკრიტიკა ფინანსური პოლიციის უფროსი პარლამენტში გამოუცხადებლობის გამო და მისი უწყების ანგარიშს არასრულფასოვანი უწოდა.

“თუ ვინმეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში პარლამენტის იგნორირება ნორმალური პროცესი ჰგონია და ამაზე პასუხს არ აგებს, ძალიან ცდება… საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის იგნორირებას არ დაუშვებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე პრეზიდენტიც მოახდენს რეაგირებას”,– განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ.


20 სექტემბერს პროტესტის ნიშნად ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა უარი თქვა ფინანსური პოლიციის წერილობითი ანგარიშის განხილვაზე და ფინანსთა მინისტრის წინაშე, რომელსაც უახლოეს მომავალში იურიდიულ კომიტეტთან გაერთიანებულ სხდომაზე დაიბარებენ, დავით კეზერაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არ გამორიცხა.  


იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, თუ კეზერაშვილმა პარლამენტში მისვლას სუბიექტური მიზეზები გამო აარიდა თავი, მაშინ მისი პასუხისმგებლობის საკითხის დასმის იურიდიული საფუძველი არსებობს.  


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button