skip to content
ახალი ამბები

საქართველო რუს სამხედროებს იარაღით ვაჭრობის გამოძიებაში დახმარებას სთხოვს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დახმარება სთხოვა ამიერკავკასიაში რუსეთის დაჯგუფების შტაბს იარაღით უკანონო ვაჭრობის საქმეების გამოძიებაში, რასაც, მერაბიშვილის თქმით, ადგილი აქვს საქართველოში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის დაჯგუფების შტაბის თანამშრომელი თემურ გრიგალაშვილი იქნა დაპატიმრებული იარაღის და საბრძოლოს მასალის უკანონო ვაჭრობის ბრალდებით. შსს-ს განცხადების თანახმად, იგი პირთა ჯგუფთან ერთად ფარულად ეწეოდა რუსული სამხედრო შეიარაღების რეალიზაციას.


“ვიცით, რომ გრიგალაშვილი არ არის ერთადერთი პიროვნება, რომელიც ამ უკანონო ქმედებებშია ჩართული, თუმცა სხვა პირების დასადგენად საჭიროა რუსულ მხარესთან თანამშრომლობა. ჩვენ ძალიან შეზღუდულები ვართ, რომ რუსულ ბაზებზე გამოძიება ვაწარმოოთ, ამიტომაც რუსულ მხარეს თანამშრომლობისკენ  მოვუწოდებ. დარწმუნებული ვარ, რომ რუსული მხარე თავის ბაზებზე თავადაც არ არის დაინტერესებული იარაღის უკანონო ვაჭრობაში“,– განაცხადა მერაბიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის 19 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში.


შსს-ს ცნობით, რუსული სამხედრო ბაზებიდან უკანონოდ იქნა რეალიზებული რუსული წარმოების საბრძოლო ტყვია-წამალი, ასაფეთქებელი სპეციალური დისტანციური ნაღმები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სპეციალური რადიოსადგურები, აირწინაღები და სხვა აღჭურვილობა.


“ჩვენ ვიცით ყველა ამ იარაღის და მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ნომერი, რაც ადასტურებს, რომ ყველა ეს საგანი რუსეთის სამხედრო ბაზას ეკუთვნის“,– განაცხადა მინისტრმა.


ამიერკავკასიაში რუსეთის დაჯგუფების შტაბის მეთაურის მოადგილემ ვლადიმერ ყუფარაძემ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ ქართული პოლიციის მიერ დაკავებული პირი არ არის ამიერკავკასიაში რუსეთის დაჯგუფების ოფიცერთა შორის.


“ეს არ არის სერიოზული მიდგომა. მათ [რუსულ მხარეს] ყოველთვის შეუძლიათ ამგვარი რამის თქმა, მაგრამ ეს პრობლემის მოგვარებაში ვერ დაგვეხმარება. რუსული მხარე თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ დაგვეხმაროს იარაღით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრაში“,– განაცხადა შსს მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button