skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია საბიუჯეტო ცვლილებებს აკრიტიკებს

დღეს პარლამენტმა განიხილა 2005 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, რომელიც არსებული 2,7 მილიარდ ლარიანი ბიუჯეტის როგორ საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილის 26 მლნ ლარით ზრდას ითვალისწინებს. ამ ცვლილებებში, რომელიც საგადასახადო შემოსავლების ზრდის შედეგია, პრიორიტეტი კვლავ ძალოვან სტრუქტურებს ენიჭებათ.


საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ბიუჯეტში ცვლილებებს და ეს მთავრობის “კიდევ ერთ წარმატებად შეაფასა“, თუმცა ოპოზიციამ საბიუჯეტო ცვლილებები გააკრიტიკა.


“რესპუბლიკელი“ დეპუტატის ივლიანე ხაინდრავას განცხადებით, “შემოთავაზებული ცვლილებებით ხდება იმ უკვე გაწეული ხარჯების ლეგიტიმაცია, რომელიც პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდებიდან არამიზნობრივად და შესაბამისად, კანონის დარღვევით იქნა დახარჯული“.


ხაინდრავას განცხადებით, მთავრობა იძულებულია, რომ ეს დანახარჯები სხვადასხვა სამინისტროს მომავალ ხარჯებში ასახოს.


“კონსერვატიული“ პარტიიდან დეპუტატ კობა დავითაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი საბიუჯეტო ცვლილებებით, მთავრობა საკუთარი დაფინანსების გაზრდაზე (საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების დაფინანსება 3,9 მილიონი ლარით იზრდება) ზრუნავს და “მოსახლეობის კეთილდღეობა ნაკლებად აღელვებს, რადგან წელს ბიუჯეტი უკვე მესამედ იზრდება და მოსახლეობა ამ სიკეთეს თავის თავზე ვერ გრძნობს“.


ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციის“ წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ მისი ფრაქცია მიესალება ბიუჯეტის ზრდის ტენდენციას, თუმცა მის მხარდაჭრას არ აპირებს.


პარლამენტი მას შემდეგ, რაც მთავრობა დეპუტატების მიერ გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე ბიუჯეტის კორექტირებას მოახდენს, ორ კვირაში უყრის მას კენჭს.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button