ახალი ამბები

GTS თბილისის აეროპორტის დავასთან დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს

ლუქსემბურგში განთავსებულმა Gestion en Technique Spéciale (GTS)-მა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს  მიმართა თბილისის აეროპორტის გარიგებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებასთან არსებული დავის მოგვარების მიზნით. 


GTS-ის დირექტორმა ჟან-მარკ დემულინმა თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელობას და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ამის შესახებ ინფორმაცია 16 სექტემბერს გაგზავნილი წერილით მიაწოდა. “თქვენს მიერ განხორციელებულმა რამოდენიმე ქმედებამ ხელი შეგვიშალა კონტრაქტის განხორციელებაში“, – აცხადებს ჟან-მარკ დემულინი.


GTS-მ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მაისში თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე გამოცხადებულ ტენდერში თურქულ კომპანია “Çelebi Holding“-ს და ამერიკულ კომპანია “A&J”-სთან ერთად გაიმარჯვა და ქართულ მხარესთან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. GTS და A&J დაფინანსებასა და მშენებლობაზე იყვნენ პასუხისმგებელნი, Celebi Group კი – აეროპორტის ფუნქციონირებაზე.


ივნისში ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ კონტრაქტი კონსორციუმთან გაუქმებულია, რადგანაც GTS-მ ვერ შეძლო საკონტრაქტო გარანტიის წარდგენა. თუმცა, GTS-ს განცხადებით, საკონტრაქტო გარანტიის წარდგენა შეუძლებელი იყო ქართული მხრიდან აეროპორტის შესახებ ყველა საჭირო დოკუმენტის, მათ შორის მიწის სტატუსის და ფინანსური ინფორმაციის, მიღების გარეშე.


კონსორციუმი 62 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებას გეგმავდა აეროპორტის რეკონსტრუქციაში. საარბიტრაჟო სასამართლოში შეტანილ სარჩელში GTS მთლიანი ინვესტიციის 10%-ს, ანუ 6,2 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს.


კონსორციუმის კიდევ ერთი წევრი თურქული “Çelebi Holding“ ასევე გეგმავს  საერთაშორისო იურიდიული მექანიზმების გამოყენებას თავისი უფლებების დასაცავად.


კონსორციუმთან კონტრაქცის გაუქმების შემდეგ, “Celebi Holding“ მზად იყო რეკონსტრუქცია განეხორციელებინა და ქართულ მხარესთან 1 ივლისს კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. თუმცა, ამ უკანასკნელმა სექტემბერში ეს კონტრაქტიც გააუქმა იმ მოტივით, რომ კომპანიამ ვერ შეძლო ფინანსური გარანტიების დათქმულ დროში წარდგენა.


6 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ ორი თურქული კომპანიისგან “TAV”  და “ურბანისგან” შემდგარ კონსორციუმთან მოაწერა ხელი. ახალი კონსორციუმი თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციის დაწყებას ნოემბერში გეგმავს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button