ახალი ამბები

სააკაშვილი: გაერო უნდა შეიცვალოს, მეტი ყურადღება კონფლიქტების გადაწყვეტას

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 სექტემბერს განაცხადა, რომ გაერო “უნდა შეიცვალოს“, ხოლო კონფლიქტების მოგვარების საკითხი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა გახდეს გაერთიანებული ერებისთვის.


პრეზიდენტი სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-60 სხდომის პლენალურ სესიაზე.  


“დღეს, გაეროს შექმნიდან 60 წლის შემდეგ, იალტიდან 60 წლის შემდეგ, ჩვენ უნდა შევცვალოთ გაერო, რათა გადავჭრათ ჩვენი ყველაზე მტკივნეული პრობლემები, მათ შორის სიღარიბე, ჯანმრთელი გარემო და ყველაზე მეტად ხანგრძლივი უსაფრთხოება“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, ეს არ არის მარტივი მანდატი, მაგრამ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, “გაერთიანებული ერების რეფორმირების, გაძლიერების და გაუმჯობესების საჭიროებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“.


“იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ არასტაბილურობის საფრთხე, საჭიროა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და გაერომ უფრო მეტი გააკეთონ, ვიდრე მხოლოდ ისაუბრონ [კონფლიქტების] მოგვარებაზე. ეს ნიშნავს, რომ გაეროს შეუძლია მოაგვაროს კონფლიქტები, ეს ნიშნავს, რომ გაერომ ასე მარტივად არ უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ ირღვევა საერთაშორისო სამართალი“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, გაერომ ბოლო უნდა მოუღოს “აფხაზეთის ტერიტორიის ძალისმიერი, უკანონო და ამორალური ანექსიის პროცესს“.


“მსოფლიოს, [აფხაზეთის] კონფლიქტის ზონაში განთავსებული გაეროს დამკვირვებელთა თვალწინ, სწორედ ის სახლები იყიდება, სადაც ისინი [ქართველი დევნილები] ცხოვრობდნენ და საიდანაც ისინი [დევნილები] გამოყარეს. და რაც ყველაზე გამაოგნებელია, უმეტეს შემთხვევებში მათ ყიდულობენ მაღალი რანგის ჩინოვნიკები მეზობელი ქვეყნებიდან და მსოფლიო არაფერს ამბობს და აკეთებს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


მისი თქმით, კონფლიქტების მოგვარების საკითხი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა გახდეს გაერთიანებული ერებისთვის.


“ჩვენ მხარი უნდა დავუჭროთ [გაეროს] უფრო მნიშვნელოვან როლს ან ჩარევას მშვიდობის დამყარების საქმეში, განსაკუთრებით მოუგვარებელი კონფლიქტებთან მიმართებაში… ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მშვიდობის დამყარების კომისიის შექმნას, რომელსაც ექნება კონფლიქტების მოგვარების და პოსტ-კონფლიქტური რეაბილიტაციის, მათ შორის ეკონომიკური დახმარების, მანდატი“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო “ბევრად უფრო წარმომადგენლობითი ორგანო“ უნდა გახდეს.


“ჩვენ ასევე მხარი უნდა დავუჭიროთ ადამიანის უფლებათა კომისიის ტრანსფორმირებას, რათა მან უფრო ეფექტურად შეძლოს ადამიანთა უფლებების დარღვევის კონტროლი“, – დასძინა მან.


სააკაშვილის განცხადებით, დემოკრატია “ჩვენს რეგიონში აღმავლობის გზაზეა … მაგრამ მას უსაფრთხოება და სტაბილურობა სჭირდება, რათა მუდმივი გახდეს. ამისათვის ჩვენ უფრო ძლიერი და უფრო ეფექტური გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გვჭირდება“.     
 

Back to top button