ახალი ამბები

დეპუტატები ბექაურზე გადაღებულ საგამოძიებო ფილმზე კომენტარს აკეთებენ

დღეს პარლამენტში კომენტარები გაკეთდა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, დეპუტატ კობა ბექაურის საბაჟო ტერმინალ “ოპიზაში“ ბიზნეს–საქმიანობაზე გადაღებულ ფილმზე სახელწოდებით – “დეპუტატის ვალი“, რომელიც 13 სექტემბერს ტელეკომპანია “202“–ის ეთერში გავიდა. ეს ფილმი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დახურული სხდომის მსჯელობის საგანიც გახდა.


საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი თვლის, რომ ფილმში გამოყენებული მასალების საფუძველზე აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც  ტერმინალ “ოპიზას”  საქმიანობას შეისწავლის და დეპუტატების ქონებრივ მდგომარეობას დაადგენს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ფილმში არ ყოფილა მოყვანილი კონკრეტული ფაქტები, რომელიც ბაქაურს უკანონო საქმიანობაში ამხელდა.


“ერთადერთი, რაც საზოგადოებამ ამ ფილმში იხილა, არის ის, რომ ბექაური არასწორად ცდილობდა კორუმპირებული, უკაცრავად, კომპრომეტირებული ჟურნალისტის დარწმუნებას, რომ მას არაფერი უკანონო არ ჩაუდენია“,– განუცხადა დღეს ჟურნალისტებს უმრავლესობის გავლენიანმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.


ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც ბაქაურისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვენ, აცხადებენ, რომ ფილმში საკმარისი მასალა იყო იმის დამადასტურებელი, რომ ბექაური ბიზნეს–საქმიანობას უკანონოდ ეწევა.


“ამ ფილმმა დაადასტურა, რომ ბექაური პირდაპირ მონაწილეობდა [ტერინალ „ოპიზას“] მართვაში, რაც კანონშეუსაბამოა. და დადასტურდა მეორეც, რომ ეს ტერმინალი ბექაურს არ შეუქმნია, მისმა მისვლამ უბრალოდ სახელმწიფო ტერმინალის გაკოტრების ხარჯზე ახალი ფუნქცია შესძინა მას [“ოპიზას“]“, –განაცხადა დეპუტატმა ირაკლი იაშვილმა “ახალი მემარჯვენეებიდან“.

Back to top button