ახალი ამბები

“რესპუბლიკელი” ვალერი გელაშვილი თბილისში დაბრუნდა

დღეს თბილისში დაბრუნდა “რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, დეპუტატი ვალერი გელაშვილი, რომელიც სამშობლოდან ლიტვაში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც 14 ივლისს თავდასხმის შედეგად იგი სასტიკად სცემეს.


ვილნიუსიდან დაბრუნებულმა ვალერი გელაშვილმა, სადაც ის ორი თვის განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს, 12 სექტემბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი ახალი შემართებით გააგრძელებს საქართველოს პარლამენტში მუშაობას მიუხედავდა იმისა, რომ მას უსაფრთხოების გარანტიები არ გააჩნია. 


ვალერი გელაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ “წინასწარ დაგეგმილი“ თავდასხმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს, თუმცა მტკიცებულებების უქონლობის გამო კონკრეტულ უწყებას არ ასახელებს.


ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი და ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი თავდასხმას მის ოპოზიციაში გადასვლას და ბიზნეს–საქმიანობას უკავშირებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.


სამართალდამცავმა ორგანოებმა ვალერი გელაშვილზე თავდასხმას ყაჩაღობის კვალიფიკაცია მისცეს.

ვალერი გელაშვილი “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ივლისში მას შემდეგ გახდა, რაც იგი პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობაში დახარჯული თანხების გადაუხდელობის გამო ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა.

Back to top button