ახალი ამბები

ცხინვალი ქართველი სამშვიდობოების ახალი სარდლის დანიშვნას აპროტესტებს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართული სამშვიდობო ძალების სარდლად 10 სექტემბერს პაატა ბედიანიშვილი დაინიშნა. მან ამ პოსტზე მამუკა ყურაშვილი შეცვალა. სამშვიდობო ძალების სარდლის შეცვლის მიზეზები უცნობია.


ამ თანამდებობაზე პაატა ბედიანიშვილის დანიშნვას აპროტესტებს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი, რომელმაც წერილობით მიმართა შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებს.


13 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გავრცელებულ ბორის ჩოჩიევის წერილში, აღნიშნულია, რომ პაატა ბედიანიშვილი “ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტივისტი იყო 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული თავდასხმის დროს“. 2004 წლის აგვისტოში  შეიარაღებულ დაპირიპირებას ქართული და ოსური მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.


“ზუსტად ბედიანიშვილის მსგავი ქმედებების გამოა შეწყვეტილი ქართველ და ოსს მოსახლეობას შორის წლების განმავლობაში დაწყებული ნდობის აღდგენის პროცესი. სამხრეთ ოსეთის მხარე თვლის, რომ ამ თანამდებობაზე უნდა შეირჩეს კარგი რეპუტაციის მქონე ოფიცერი“, – ნათქვამია ჩოჩიევის წერილში.


იმავე წერილში აღნიშნულია, რომ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებს ბედიანიშვილის მიმართ  სისხლის სამართლის საქმე აქვთ აღძრული, “რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ არ მოხდეს მისი  სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაშვება“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button