ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთს სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის მილიტარიზაციაში ადანაშაულებს

9 სექტემბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელშეწყობით თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მილიტარიზაცია მიმდინარეობს.


“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს კონფლიქტის ზონებს. მილიტარიზაცია რუსეთის დახმარებით მიმდინარეობს. ჩვენ ახალი მიდგომები უნდა მოვძებნოთ რუსეთთან… ეს [სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი] არ არის ქართველებსა და ოსებს შორის პრობლემა; ეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემაა. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობები ამ [სამხრეთ ოსეთის] ტერიტორიის თაობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“მე ამის შესახებ პუტინს ვესაუბრე და ეხლა ველოდები პრაგმატულ პასუხს მისგან “, – დასძინა მან.


პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო კონფლიქტებს მშვიდობიანად მოაგვარებს, “მაგრამ ჩვენ პასუხს გავცემთ ნებისმიერ პროვოკაციას“.


“კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება დამოკიდებულია ჩვენს განვითარებასა და სიძლიერეზე. დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს… ჩვენ მოთმინებით უნდა ვიყოთ“, განაცხადა მან.


მიხეილ სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ–მ “პირველად“ გამოხატა მხადყოფნა აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში. “ეს უდიდესი მნიშვნელობის ფაქტია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


“ასე, რომ ჩვენი პოლიტიკა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებაა, თუმცა ჩვენ არ მოვითმენთ პროვოკაციებს და სტატუს ქვოს შენარჩუნებას“,  – დასძინა მან.


“ეს ტერიტორიები [აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი] იყვნენ, არიან და ყოველთვის დარჩებიან ჩვენ ტერიტორიებად“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button