ახალი ამბები

ქართველმა და რუსმა დიპლომატებმა სამხედრო ბაზებზე იმსჯელეს

თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში 8 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე,  ქართველმა და რუსმა დიპლომატებმა  საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსული სამხედრო ტვირთის  ტრანზიტის ორგანიზების საკითხები შეათანხმეს, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 8 სექტემბერს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს საქართველოს გავლით რუსული სამხედრო ტვირთების სომხეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, გიუმრიში მდებარე რუსულ სამხედო ბაზაზე გადატანის მექანიზმი.


ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა დარჩენილი სამხედრო ობიექტების ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხები.


“აღინიშნა, რომ რუსების მიერ აღებული ვალდებულება სრულდება“, განუცხადა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს მერაბ ანთაძემ.


შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი დსთ–ს საკითხებში იგორ სავოლსკი ხელმძღვანელობდა.


საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების 30 მაისის ერთობლივი განცხადების შესაბამისად ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზებიდან უკვე გაყვანილია 40 ერთეული ჯავშანტექნიკა. ბაზების გაყვანის პროცესი 2008 წელს უნდა დასრულდეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button