ახალი ამბები

სააკაშვილი კაკაბაძის ცემის ფაქტზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ტელეკომპანია 202-ის პოლიტიკური თოქ-შოუს დროებითი წამყვანის ირაკლი კაკაბაძის ცემის ფაქტზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ადგილი „შეიძლება ჰქონდა პორვოკაციას, რაც  უმკაცრესად არის გამოსაძიებელი და პროვოკატორებს პასუხი უნდა გაეცეს“.


ირაკლი კაკაბაძეს 6 სექტემბერს გვიან ღამით დაუდგენელი პირები დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს. მას ჯერ გამოძიებისათვის ჩვენება არ მიუცია და არც მედიისთის გაუკეთებია თავდასხმასთან დაკავშირებით დეტალური კომენტარები.


„არ დავუშვებ, რომ ნებისმიერი ადამიანი, მითუმეტეს ჟურნალისტი ვინმემ დააშავოს“, განაცხადა პრეზიდენტმა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა,რომელსაც ბოლო დროს მომხდარ გახმაურებულ ფატებზე – დეპუტატ ვალერის გელაშვილზე შეიარაღებულ თავდასხმაზე, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის დაპატიმრებაზე  – კომენტარი არ გაუკეთებია, განაცხადა, რომ ქართული სახელმწიფო არის ყველას უფლებების დამცველი „მითუმეტეს პრესის და სიტყვის თავისუფლების. ეს არის ერთ-ერთი, რითაც მე ძალიან ვამაყობ“.


მწერალ და პუბლიცისტ ირაკლი კაკაბაძეს ტელეკომპანია 202-ის ეთერში თოქ-შოუ „დებატები“ მას შემდეგ მიჰყავს, რაც ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი შალვა რამიშვილი დეპუტატ კობა ბექაურისათვის ფულის გამოძალვის მოტივით 27 აგვისტოს დააპატიმრეს.

Back to top button