
ბურჯანაძე რამიშვილი–ბექაურის საქმეზე კომენტარს აკეთებს
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 4 სექტემბერს კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და პარლამენტარ კობა ბექაურის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით. ბურჯანაძის განცხადებით, ყველა, ვინც დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს და ის, რომ რამიშვილი ცნობილი ჟურნალისტია, საქმის ვითარებას არ ცვლის.
შალვა რამიშვილი კობა ბექაურის დაშანტაჟების მოტივით, 27 აგვისტოს მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ბექაურისაგან 30 ათასი აშშ დოლარი აიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ბექაური ჟურნალისტისაგან იმ ფილმის ეთერში არ გაშვებას მოითხოვდა, რომელიც სტუდია “რეპორტიორმა“ საბაჟო ტერმინალ “ოპიზასთან“ დაკავშირებით ბექაურის უკანონო ბიზნეს-საქმიანობაზე გადაიღო. ფილმი “202”-ის ეთერში უნდა გასულიყო.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, როცა შეკითხვები ჩნდება [დეპუტატის მიმართ], ისინი უნდა დაისვას.
“ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. მთავარია შეკითხვებს პასუხი გაეცეს“, დასძინა ნინო ბურჯანაძემ.