ახალი ამბები

პრეზიდენტი საქართველოს ელჩებისგან ინვესტიციების მოზიდვას მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 4 სექტემბერს ბორჯომში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა. პრეზიდენტის თქმით,  თითოეული ელჩის მთავარი  მოვალეობა საქართველოში  ინვესტიციების მოზიდვაზე ზრუნვაა.


“არც ერთი ელჩი არ დარჩება თავის სამუშაო ადგილზე ერთ წელზე მეტი თუ ვერ შეძლებს ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელშეწყობას, რა თქმა უნდა შეძლებისდაგვარად, იმ ქვეყნებში არსებული პოტენციალის გათვალისწინებით, სადაც მოღვაწეობენ. ეს მთავარი მოთხოვნაა… ჩვენ ჩვენი დიპლომატებისგან პროფესიონალიზმსაც მოვითხოვთ“, განაცხადა ელჩებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა.


მისი თქმით თითოეული ელჩი ოთხი წლით ინიშნება ამ თანამდებობაზე, თუმცა დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში “ისინი შეიცვლებიან“. 


პრეზიდენტთან შეხვედრას წინ უძღვოდა ბათუმში საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან ქართველი დიპლომატების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, სადაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, სამომავლო გეგმები, პერსპექტივები და შიდა სტრუქტურული საკითხები იქნა განხილული.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button