ახალი ამბები

რამიშვილის საქმეზე კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებას ტელეკომპანია “202”-ის დაფუძნებლის შალვა რამიშვილის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი მოწმის ჩვენება გააჩნია. სამართალდამცველებმა დაკითხეს “ბაზის” ბანკის გენერალური დირექტორი ზურაბ ციხისთავი.


“ციხისთავი განმარტავს, რომ შალვა რამიშვილის განცხადება თითქოს ის ინფორმირებულ იყო, რომ პარლამენტის წევრს კობა ბექაურს ფული “ბაზის” ბანკში შალვა რამიშვილისათვის უნდა გადაეცა და ეს ყველაფერი სპეციალურად დამონტაჟებული კამერებით უნდა დაფიქსირებულიყო, არ შესაბამება სინამდვილეს“, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე 3 სექტემბერს განთავსებულ ინფორმაციაში.


შსს–ს ინფორმაციით,  ასეთი რამ შალვა რამიშვილს ციხისთავისთვის არასდროს უთქვამს, “მით უფრო ფულის გადაცემის ფარულად გადაღების შესახებ”.


1 სექტემბერს შალვა რამიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში, რომელსაც ბრალი დეპუტატ კობა ბექაურისათვის 100 ათასი დოლარის გამოძალვაში ედება ბრალი, ნათქვამია, რომ რამიშვილი ბექაურს ბანკში საკუთარ ანგარიშზე ნაღდი ფულის ჩარიცხვას დაჟინებით სთხოვდა.


“ამის თაობაზე იცის “ბაზის ბანკის“ ხელმძღვანელობამ, კონკრეტულად ზურა ციხისთავმა, რომელსაც ვთხოვე გამოეყო ჩემთვის და ბექაურისთვის ოთახი, სადაც იქნებოდა კამერები, დაითვლებოდა ფული და მოხდებოდა ეს ტრანსაქცია“, აცხადებს რამიშვილი.


1 სექტემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2“–მა განაცხადა, რომ ზურა ციხისთავმა ტელეკომპანიასთან პირად საუბარში ეს ინფორმაცია დაადასტურა.

მსგავსი/Related

Back to top button