ცნობილია ბინის მეპატრონის ვინაობა, სადაც რამიშვილს ბექაურმა ფული გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა იმ ბინის მეპატრონის ვინაობა, სადაც 27 აგვისტოს ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებელს შალვა რამიშვილს პარლამენტის წევრმა კობა ბექაურმა 30 ათასი აშშ დოლარი გადასცა. შალვა რამიშვილს, რომელიც 27 აგვისტოს დააკავეს, სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა ბექაურისთვის ფულის გამოძალვის მოტივით უკვე შეუფარდა.
შსს–ს ინფორმაციით, ბინის მეპატრონე არის ირმა სტეფნაძე. იგი ამჟამად რკინიგზის დეპარტამენტის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობს.
“ჩვენებაში სტეფნაძე ადასტურებს, რომ იმ დღეს მასთან სახლში ნამდვილად იმყოფებოდნენ სტუმრად შალვა რამიშვილი, კობა ბექაური და იმ დროისათვის მისთვის [სტეფნაძისთვის] უცნობი მამაკაცი დავით კოხრეიძე [202-ის გენერალური დირექტორი]“, იტყობინება შსს.
“სტეფნაძის მიერ მიცემულმა ჩვენებამ გამოძიებას კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება შემატა, რაც აღნიშნულ საქმეში შალვა რამიშვილის დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს“, ნათქვმია შს სამინისტროს ვებ-გვერდზე 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ ცნობაში.
გამოძიებისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ შალვა რამიშვილი სტეფნაძეს 5 ათას დოლარს სთავაზობდა საქმესთან დაკავშირებით, თუმცა სტეფნაძემ უარი განაცხადა თანხის აღებაზე.
29 აგვისტოს სასამართლო პროცესზე შალვა რამიშვილმა თავი შეიკავა ბინის მეპატრონის ვინაობის გამხელისაგან, თუმცა განაცხადა: “მე დამიკავშირდა ჩემი და ბექაურის საერთო ნაცნობი [სტეფნაძე], რომელმაც შემომთავაზა თანხის აღება იმაში, რომ ეს [ბექაურის მაკომპრომეტირებელი] ფილმი არ გასულიყო [“202″–ის ეთერით]. ამ ადამიანის პატიოსნებაში მე ჯერ–ჯერობით ეჭვი არ მეპარება და მისი [საგამოძიებო] ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ბედისათვის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)