
რამიშვილის პატიმრობას საოლქო სასამართლოში ასაჩივრებენ
ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებული ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის ადვოკატმა დღეს საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 29 აგვისტოს შალვა რამიშვილისთვის წინასწარი სამთვიანი პატიმრობის შეფარდების გაუქმებას ითხოვს.
ადვოკატ დავით კორკოტაშვილის განცხადებით, შალვა რამიშვილი და მასთან ერთად დაკავებული “202“-ის გენერალური დირექტორი დავით კოხრეიძე უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.
დღესვე წინასწარი დაკავების საკანში შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ მოინახულა.
ელენე თევდორაძის განცხადებით, ორივე დაკავებული განაგრძობს შიმშილობას, როგორც თავად აცხადებენ, “პოლიტიკური მოსაზრებებით და არა რაიმე შეღავათების მოპოვების მიზნით“.
მისი თქმით, დაკავებულებს ახალ ფაქტებზე არ უსაუბრიათ. ისევე როგორც 29 აგვისტოს სასამართლო პროცესზე, თევდორაძის განცხადებით, შალვა რამიშვილმა ამჯერადაც უარყო მისი მხრიდან პარლამენტარ კობა ბექაურის დაშანტაჟების ფაქტი.
შალვა რამიშვილი სამართალდამცავებმა 27 აგვისტოს მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ბექაურმა მას 30 ათასი დოლარი გადასცა.