ახალი ამბები

ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებელს დეპუტატის დაშანტაჟების ბრალდებით აპატიმრებენ







შალვა რამიშვილი: მე ჩემი მაყურებლის იმედი
მაქვს. ეს პროვოკაციაა.  
ტელეკომპანია “202“-ის თანადამფუძნებელი და პოპულარული პოლიტიკური თოქ-შოუს “დებატების“ წამყვანი შალვა რამიშვილი 27 აგვისტოს ფულის გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს. 29 აგვისტოს გამოძიება მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით და სავარაუდოდ 3–თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

სამართალდამცავების თქმით, რამიშვილს პარლამენტარ კობა ბექაურისგან 100 000 აშშ დოლარის გამოძალვაში ედება ბრალი, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. რამიშვილი ბრალდებას უარყოფს და მას “პროვოკაციას“ უწოდებს.


ტელეკომპანია “202“ ერთადერთი ტელევიზიაა საქართველოში, რომელიც პოლიტიკურ თოქ-შოუს და ჟურნალისტურ გამოძიებას უთმობს ეთერს. თუმცა ტელეკომპანიის მაუწყებლობა მხოლოდ თბილისზე ვრცელდება. ტელეკომპანიის კიდევ ერთი დამფუძნებელია პარლამენტარი ვაჟა კილაძე.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაპატიმრებიდან რამდენიმე საათში განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დეპუტატმა კობა ბექაურმა 26 აგვისტოს ჩვენება მისცა, რომ შალვა რამიშვილი მას აშანტაჟებდა და 100 000 აშშ დოლარს სთხოვდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრებოდა. განცხადება არ აკონკრეტებს, თუ რა კომპრომატებზეა საუბარი.


ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ფარული კამერით გადაღებული ოპერატიული მასალა, რომელშიც ნაჩვენებია “ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის კობა ბექაურის შეხვედრა შალვა რამიშვილთან.


ოპერატიულ მასალაში, რომელიც ქართულმა ტელეკომპანიებმა გადასცეს, ნაჩვენებია, როგორ გადასცემს  ბექაური რამიშვილს ფულის შეკვრას და თან დასძენს: “შალვა, დანარჩენ 50 ან 70 ათასს მოგვიანებით მოგცემ; აქ 30 ათასია“. ფულის აღების შემდეგ რამიშვილი ეუბნება ბექაურს, რომ მას კიდევ 70 ათასი აქვს მისაღები.


რადგანაც ოპერატიულ მასალას კომენტარები არ ახლავს, გაუგებარი რჩება, თუ რა მიზეზი დგას გარიგების უკან. თუმცა, საუბრისას ბექაური ამბობს, რომ “კომახიძე მირეკავს“. რამიშვილი პასუხობს, რომ მან არ უნდა ინერვიულოს კომახიძის ზარებზე.
 
მათ არ დაუზუსტებიათ, თუ რომელ კომახიძეზეა საუბარი; თუმცა, ცნობილია, რომ ვახტანგ კომახიძე მუშაობს სტუდია “რეპორტიორში“, რომელიც  ტელეკომპანია “202”–სთვის ჟურნალისტურ გამოძიებებს ამზადებს.


27 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვახტანგ კომახიძემ დაადასტურა, რომ იგი, “რეპორტიორის“ სხვა ჟურნალისტებთან ერთად, მუშაობს დეპუტატ კობა ბექაურის უკანონო საქმიანობის გამოძიებაზე, რომელიც საბაჟო ტერმინალ “ოპიზას“ უკავშირდება. ტერმინალი, რომლის მფლობელიც კობა ბექაურია, საქართველოს საბაჟო სამსახურს აქვს ნაქირავები.


“ვერ გამიგია, რაში უხდიდა ფულს ბექაური რამიშვილს. ჩვენი კონტრაქტის თანახმად, ტელეკომპანია “202“-ს არ აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენს [“რეპორტიორის“] სარედაქციო პოლიტიკაში. “202“-ს მხოლოდ ჩვენი სიუჟეტების გასაშვებად ვიყენებდით“, განაცხადა ვახტანგ კომახიძემ.


მან დასძინა, რომ კობა ბექაურის უკანონო საქმიანობის ამსახველი მასალა მაინც გავა ეთერში. დეპუტატი კობა ბექაური კომენტარისთვის მიუწვდომელი გახდა.


შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ “თავისუფალ მედიაში ადგილი ჰქონდა ფულის გამოძალვისა და შანტაჟის შემთხვევებს“.


“დღეს ჩვენ ჩავატარეთ სპეცოპერაცია, რის შედეგადაც მოხდა ძალიან სამწუხარო რამ, რადგანაც მე დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს დაკავებულ პიროვნებასთან [შალვა რამიშვილთან]“, განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.  


“საბაჟო სამსახურებთან, საგადასახადო დეპარტამენტთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, მედიაც უნდა იყოს კორუფციისგან თავისუფალი“, დასძინა მერაბიშვილმა.


შსს-განცხადებით, სამართალდამცავები გამოძიებას გამჭირვალედ ჩაატარებენ და მზად არიან გამოძიებაში “ნებისმიერ დაინტერესბული მხარე“ ჩართონ.


ოპოზიციის რეაქცია


ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე შეაფასეს შალვა რამიშვილის დაპატიმრება, როგორც “თავდასხმა თავისუფალ მედიაზე“.


“დეპუტატი კობა ბექაური ცნობილია თავისი უკანონო საქმიანობით. ეს [დაპატიმრება] არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე“, განაცხადა “კონსერვატორების“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა.


“ლეიბორისტულმა პარტიამ“ დაგმო დაპატიმრების ფაქტი და იგი მთავრობის გაფრთხილებად შეაფასა ყველა ტელევიზიისადმი არჩევნების წინ, რომელიც 1 ოქტომბერს საქართველოს ხუთ მაჟორიტარულ ოლქში ტარდება.      


“მთავრობამ თავისუფალ მედიაზე შეტევა დიდი ხნის წინ დაიწყო. რამიშვილის გაჩუმების ერთადერთი გზა მისი დაპატიმრება იყო“, განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ბერძენიშვილმა.


“ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ ბექაურის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნება“, განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ “ახალი მემარჯვენეებიდან“.  


 


 

Back to top button