
დსთ–ში თურქმენეთის ახალი სტატუსი ღიად სააკაშვილმა გააჟღერა
დღეს ყაზანში გამართულ პრეს–კონფერენციაზე, სადაც 26 აგვისტოს დამოუკედებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამიტი გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამიტზე თურქმენეთმა დსთ–ს ასოცირებულ წევრობაზე გააკეთა განაცხადი.
“ეს პირველი შემთხვევაა დსთ–ს არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე“, იუწყება 27 აგვისტოს “რია ნოვოსტი“ მიხეილ სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.
რუსული გაზეთი “კომერსანტი” თურქმენეთის გადაწყვეტილებას “დსთ-ს კოლაფსის დასაწყისად” აფასებს. გაზეთის ცნობით, კოლაფსის პროცესი დაიწყო არა რევოლუციონერ მიხეილ სააკაშვილის და ვიქტორ იუშჩენკოს მხრიდან, არამედ თურქმენეთის ლიდერის საფარმურატ ნიაზოვის მიერ.
დსთ–ს ყაზანის სამიტს წევრი სახელმწიფოების ლიდერთაგან მხოლოდ თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურად ნიაზოვი არ ესწრებოდა. თურქმენეთს, რომელსაც 1995 წლიდან მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსი აქვს მინიჭებული, დსთ–ს სამიტზე ვიცე–პრემიერი წარმოადგენდა.