skip to content
ახალი ამბები

ხაინდრავა შსკ–ს შეკრების ინიციატივით გამოდის

24 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ წერილით მიმართა შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადაც შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ადამიანების გატაცების გამო გართულებული სიტუაციისა და მშვიდობისმყოფელების უმოქმედობასთან დაკავშირებით. ხაინდრავა 2 სექტემბერისათვის თბილისში შსკ–ს სხდომის გამართვის ინიციატივით გამოდის.


19 აგვისტოს უცნობმა პირებმა კონფლიქტის ზონიდან, კერძოდ კი სოფელ ნულიდან 11 წლის გენო პეტრიაშვილი გაიტაცეს. საქართველოს შსს–მ აღნიშნული გატაცება ოს სამართალდამცავებსა და რუს მშვიდობისმყოფელებს დაუკავშირა, თუმცა ცხინვალმა ეს ბრალდებები უარყო.


აგვისტოში ეს ადამიანის გატაცების მეორე შემთხვევაა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ზემო არცევის მკვიდრი გოჩა ჯარმელაშვილი ასევე იქნა გატაცებული.


გიორგი ხაინდრავა მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს აქტიურად ჩაერთონ გატაცებების ფაქტების გამოძიებაში, ხოლო სამხრეთ ოსური მხარისაგან თანამშრომლობას მოითხოვს.


“შეუძლებელია კვლავაც დავუშვათ ადამიანების გაუჩინარებები და კონფლიქტის ტერიტორიის გამტაცებელთა და კრიმინალთა თავშესაფრად გადაქცევა“, ნათქვამია ხაინდრავას წერილში.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button