skip to content
ახალი ამბები

ლავროვი დსთ-ს ქვეყნებთან რუსეთის პოლიტიკაზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 23 აგვისტოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან ურთიერთობებს ‘საერთაშორისო ნორმებსა და სამართალზე“ დაყრდნობით განავითარებს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.


23 აგვისტოს მოსკოვში დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა ჩატარდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თავმჯდომარეობით. ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე წარმოადგენდა.


ჟურნალისტებთან საუბრისას სერგეი ლავროვმა კომენტარი გააკეთა კრემლის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი დსთ-ს ქვეყნების მიმართ თავისი პოლიტიკის შეცვლას გეგმავს, „თუმცა ეს უფრო მეტად აშშ-ს და ევროკავშირს შეეხებათ“.


„დსთ-ს ყველა ქვეყანა ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები დსთ-ს ფარგლებში საერთაშორისო ნორმებსა და სამართალზე დაყრდნობით – ეს ის პოზიციაა, რომელიც დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაფიქსირდა … და ჩვენ ვიმოძრავებთ ამ მიმართულებით“, განაცხადა ლავროვმა.


დსთ-ს ლიდერთა სამიტი 26 აგვისტოს ყაზანშია დაგეგმილი. მასში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია სააკაშვილის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.  


სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვის შეხვედრაზე დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ის საკითხები მოამზადეს, რომლებიც დსთ-ს ლიდერთა სამიტზე იქნება განხილული. მათ შორისაა დსთ-ს რეფორმირების საკითხიც. 


“დსთ-ს რეფორმირებასთან დაკავშირებული რუსეთის წინადადებები უკვე კარგა ხანია ცნობილია, მაგრამ ახლა საუბარია კოლექტიურ პროდუქტზე… მთლიანად კმაყოფილი არავინ არის. კომპრომისის მიღწევის პროცესი ყველა ინტერესის გათვალისწინებით უნდა მოხდეს”, იტყობინება “იტარ-ტასი” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button