ახალი ამბები

ცხინვალი უარყოფს კავშირს ბავშვის გატაცებასთან

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო დავალებათა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა უარყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოფიციალურ პირებსა და 11 წლის გენო პეტრიაშვილის გატაცებას შორის არსებული კავშირის შესახებ. 


„ეს ქართული მხარის ტიპიური პოზიცია – ყველაფერში სამხრეთ ოსეთი დაადანაშაულოს … ამ გატაცების უკან არანაირი პოლიტიკური მოტივი არ დგას“, განუცხადა ბორის ჩოჩიევმა „რია ნოვოსტის“ 22 აგვისტოს.


21 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „გენადი პეტრიაშვილის გატაცება [სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან] პირდაპირ კავშირშია ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის  სამართალდამცველებთან და იქ მყოფ რუს სამშვიდობოებთან“.


ჩოჩიევის თქმით, გატაცებული ბიჭის მამას სპარტაკ პეტრიაშვილს ბიზნეს კავშირები აქვს როგორც ქართულ, ისე ოსურ მხარეებთან და სავარაუდოდ, ეს გატაცებაც მის ბიზნესს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, სპარტაკ პეტრიაშვილი ნავთობ-პროდუქტებით ვაჭრობს.


ჩოჩიევის თქმით, ქართულმა მედიამაც კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამტაცებელთა მანქანას ქართული ნომრები ჰქონდა.


„არ არის საჭირო პოლიტიკის ძებნა – ქართულ მხარეს ურჩევნია თავის კრიმინალს მიხედოს“, დასძინა ჩოჩიევმა.


მისი თქმით, იგი პირადად აკონტროლებს ძებნის ოპერაციებს, რომელშიც  სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავები და რუსი სამშვიდობოებიც მონაწილეობენ. „თუმცა, ჯერ-ჯერობით გატაცებული ბავშვის კვალზე გასვლა ვერ ხერხდება“, განაცხადა ჩოჩიევმა.  

Back to top button