
„კონსერვატორები“ მაღალჩინოსნებს ნარკორეალიზატორების მფარველობაში ადანაშაულებენ
კონსერვატორულმა პარტიამ 19 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი შუალედურ არჩევნებში ბიძინა ბერგაძე და ფინანსური პოლიციის უფროსი დავით კეზერაშვილი ნარკორეალიზატორების მფარველობაში დაადანაშაულა.
ამ ბრალდებას წინ უძღოდა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინიციატივა, რომლის თანახმადაც ხელისუფლება 1,000 ლარის ოდენობოს ჯილდოს აწესებს იმ ღირებული ინფორმაციისთვის, რომელიც სამართალდამცავებს ნარკორეალიზატორების დაკავებაში დაეხმარება.
„კონსერვატორების“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრისგან დღეს ორი პიროვნების დასახელების გამო „კუთვნილი 1000-1000 ლარის ოდენობის ჯილდო“ მოითხოვა.
იმავე “კონსერვატორებმა“ მარტში დავით კეზერაშვილის უწყების თანამშრომლების ნარკოტიკებთან კავშირის მამხილებელი სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნეს, მოგვიანებით კი დავით კეზერაშვილს სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტებაში დასდეს ბრალი, თუმცა ამ ბრალდებებს რეაგირება არ მოჰყოლია.