ახალი ამბები

ბაღაფშის განცხადება სამხედრო ბიუჯეტზე რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, აფხაზეთის არმია მზად არის მიიღოს რუსეთიდან საშუალო რანგის სამხედრო, საზღვაო და სასაზღვრო ოფიცრები, იტყობინება „რეგნუმი“.


ბაღაფშის თქმით, „ჩვენი სამხედრო დოქტრინა თავდაცვითია. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს თავს დავესხათ, თუმცა არ დავუშვებთ, რომ ვინმე თავს დაგვესხას. არმია შედარებით პატარაა, რეზერვისტების გარეშე მისი შემადგენლობა 10-12 ათას კაცს აღწევს, ხოლო სამხედრო ბიუჯეტი მთლიანი ბიუჯეტის 20-22% შეადგენს“.


თუმცა, აფხაზეთის ამჟამინდელი მოსახლეობის რაოდენობა უცნობია, აფხაზეთის მთავრობის მიერ 2004 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაკეთებული შეფასებით, აფხაზეთში 120 ათასი ამომრჩეველია. ეს ნიშნავს, რომ  ქმედითი სამხედრო ძალის რაოდენობა (რეზერვისტების გამოკლებით) ამომრჩეველთა 10% წარმოადგენს.


აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა 2005 წლის ივნისში „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ 2004 წელს საბიუჯეტო შემოსავლებმა 377 მილიონი რუსული რუბლი – დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.  ანქვაბის თქმით, ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არ გაიზრდება 2005. ამრიგად, ბაღაფშის განცხადების თანახმად, მაქსიმალური სამხედრო ბიუჯეტი დაახლოებით 2,9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.   


ეს ციფრები გარკვეულ ეჭვებს ბადებს აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის სულთან სოსნალიევის განცხადების სიზუსტეზე, რომელმაც გაზეთ „კომერსანტ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო რუსეთიდან იარაღის და საბრძოლო მასალების შესყიდვის ფაქტი და განაცხადა, რომ მათი შესყიდვა „თავისუფალ ბაზარზე“ ხდება. „კომერსანტის“ კითხვაზე, თუ როგორ შეისყიდა აფხაზეთის არმიამ სამხედრო რეაქტიული თვითმფრინავები, სოსნალიევმა აღნიშნა „ბაზარი თავისუფალია! საჭიროა, მხოლოდ ფული გქონდეს. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი იარაღი ვიყიდოთ, რაც მოგვინდება, ეს პრობლემას არ წარმოადგენს“.


საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთი აფხაზეთის სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებასა და სამხედრო წვრთნების დაფინანსებაში დაადანაშაულა.   

Back to top button