ახალი ამბები

კონსტიტუციური უსაფრთხოების შეფს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის  უფროსს დათა ახალაიას „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის ძმის, ადვოკატ გიორგი უსუფაშვილის წინააღმდეგ საქმის შეთხზვასა და სასამართლო აღმასრულებელზე ირაკლი სიორიძეზე ზეწოლაში ედება ბრალი, რათა ამ უკანასკნელმა უსუფაშვილის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.  


კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა გიორგი უსუფაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრა. მას ფულის გამოძალვაში ედება ბრალი იმ კლიენტებისგან, რომელთაც ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. უსუფაშვილმა საქმე მოიგო და „თელასმა“ შვიდ მოსარჩელეს, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 200,000 ლარი გადაუხადა.


„ახლა, სამართალდამცავები ზეწოლას ახდენენ ჩემს კლიენტებზე, რათა მათ ჩემს წინააღმდეგ მისცენ ჩვენება და თქვან, რომ ეს ფული მე ავიღე და მათ არაფერი მიუღიათ“, განაცხადა გიორგი უსუფაშვილმა გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 17 აგვისტოს დაიბეჭდა.


უსუფაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია „აიძულებს“ სასამართლო აღმასრულებელს ირაკლი სიორიძეს ჩვენება მისცეს მის წინააღმდეგ და თქვას, რომ უსუფაშვილმა ქრთამი მისცა მას, რათა ამ უკანასკნელს „სწრაფად აღესრულებინა“ სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა ფული მიეღო „თელასისგან“.


„თუმცა, სიორიძემ უარი განაცხადა. ამ უარის გამო, იგი ახალაიამ სასტიკად სცემა და ძალაუფლების გადამეტებაში დასდო ბრალი. ახლა ის პატიმრობაში იმყოფება [სიორიძე 3 აგვისტოს დააპატიმრეს], თუმცა იგი აბსოლუტურად უდანაშაულოა“, განაცხადა გიორგი უსუფაშვილმა.


სიორიძის ადვოკატის ეკა ბესელიას თქმით, მისმა კლიენტმა სთხოვა სახალხო დამცველს სოზარ სუბარს გამოიძიოს საქმე. დათა ახალაია სახალხო დამცველის მოადგილის ბაჩო ახალაიას ძმაა.


16 აგვისტოს გაზეთ „რეზონანსი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მან უკვე დაიწყო საქმის გამოძიება. „თუ [სიორიძის და უსუფაშვილის ბრალდებები ახალაიას წინააღმდეგ] დადასტურდება, რა თქმა უნდა, მოვითხოვ [ახალაიას] პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას… თუმცა, ამ ეტაპზე, საქმე ჯერ არ არის დადასტურებული, რადგანაც მე მეორე მხარესაც უნდა მოვუსმინო“, განაცხადა სოზარ სუბარმა.


„რეზონანსმა“ ასევე ჩამოართვა ინტერვიუ ადამიანთა უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, დეპუტატ ელენე თევდორაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ „ეს არ არის პირველი“ ბრალდება დათა ახალაიას წინააღმდეგ.


თავად ახალაიას ამ ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


ადვოკატ გიორგი უსუფაშვილის განცხადებით, სამართალდამცავები მის წინააღმდეგ „საქმის შეთითხნას“ ცდილობენ, რადგანაც იგი ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ძმაა. „არაფერი მოხდებოდა მე რომ უსუფაშვილი არ ვყოფილიყავი. მე პოლიტიკოსი არ ვარ, არც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ვარ, ამიტომ პოლიტიკურ განცხადებებს არ გავაკეთებ“, განაცხადა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button