skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება აფხაზეთის რკინიგზის მოლაპარაკებებზე კომენტარს აკეთებს

15 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას „სათანადო გავლენა იქონიოს აფხაზურ მხარეზე“ აფხაზეთის რკინიგზაზე არსებული მდგომარეობის შეფასების სამუშაოებში ქართული მხარის ექსპერტების მონაწილეობის უზრუნველყოფისა და ამ სამუშაოების ერთობლივად წარმართვის მიზნით.


ქართველი ექსპერტები თავიანთ რუს და აფხაზ კოლეგებს 9 აგვისტოს უნდა შეერთებოდნენ, თუმცა, ოფიციალური თბილისის განცხადებით, აფხაზურმა მხარემ უარი განაცხადა მიეღო რამოდენიმე ქართველი ექსპერტი, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილები არიან. შედეგად რუსმა და აფხაზმა ექსპერტებმა შეფასების სამუშაოები თავიანთი ქართველი კოლეგების გარეშე დაიწყეს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა 12 აგვისტოს მოუწოდა ქართულ მხარეს „არ აქციონ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი პოლიტიკური ამბიციების მძევლად“.


„გაკვირვებას იწვევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ აღნიშნული ფაქტის ტენდენციური შეფასება, იმ დროს, როცა სწორედ აფხაზურმა მხარემ მისცა ამ ეკონომიკური პროექტის წმინდა ტექნიკურ საკითხს პოლიტიკური მოტივაცია“, ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button