
იუშჩენკოს არაოფიციალური ვიზიტი საქართველოში
უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო 12-14 აგვისტოს არაოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, რაც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.
ეს ვიქტორ იუშჩენკოს პირველი ვიზიტი იქნება საქართველოში პრეზიდენტის რანგში, მაშინ როცა მისი ქართველი კოლეგა მიხეილ სააკაშვილი 2005 წელს უკვე სამჯერ ესტუმრა უკრაინას.
ვიზიტის ერთადერთი ოფიციალური ნაწილი იუშჩენკოსა და სააკაშვილის მიერ თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი მემორანდუმის ხელმოწერას ითვალისწინებს. მემორანდუმის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია; თუმცა, პრეზიდენტებმა გასულ თვეებში უკვე მოაწერეს ხელი თანამშრომლობის შესახებ ორ მსგავს დოკუმენტს.
პირველი დოკუმენტი, რომელსაც იანვარში სააკაშვილის უკრაინაში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი, ადასტურებს ორი ქვეყნის ერთგულებას დემოკრატიული პრინციპებისადმი, ხოლო მეორე, რომელსაც ასევე უკრაინაში მოეწერა ხელი, ხაზს უსვამს სტრატეგიულ პარტნიორობას და ორი ქვეყნის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ იუშჩენკო საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოინახულებს, მათ შორის კახეთს და ბორჯომს, სადაც პრეზიდენტები განახლებული პარკის გახნის ცერემონიას დაესწრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი სვანეთის რეგიონსაც ეწვევა.
თავდაპირველად, ვიქტორ იუშჩენკო საქართველოში ვიზიტს 26-29 ივლისს გეგმავდა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ეს ვიზიტი “გრაფიკში შეტანილი ცვლილებების გამო“ გადაიდო.
ეკონომიკური კავშირები
პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, რომელიც 2003 წლის საქართველოს “ვარდების რევოლუციისა“ და 2004 წლის უკრაინის “ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ სულ უფრო ძლიერდება, ბოლო დროს, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების ზრდაც შეინიშნება. თუმცა, როგორც ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, ორმა პრეზიდენტმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ საკითხს, რადგანაც ჯერ კიდევ არსებობს გამოუყენებელი ორმხრივი ეკონომიკური შესაძლებლობები.
2005 წლის პირველი კვარტლის ოფიციალური მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 48,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამჟამად საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის უკრაინას, რუსეთისა და თურქეთის შემდეგ, მესამე ადგილი უკავია. 2004 წელს უკრაინას მეექვსე ადგილი ეკავა რუსეთის, თურქეთის, გაერთიანებული სამეფოს, აზერბაიჯანის და აშშ-ის შემდეგ.
მართალია 2005 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, შეინიშნება საქართველოდან უკრაინაში ექსპორტის მატება, თუმცა უარყოფით სავაჭრო ბალანსის მოცულობა მაინც საკმაოდ დიდია– 40,3 აშშ დოლარი.
ბოლო დროს უკრაინასთან გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა გარკვეულწილად უკავშირდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინაში იარაღის და საბრძოლო მასალების შესყიდვას. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველომ 2005 წლის პირველ კვარტალში უკრაინისგან 6,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღი და საბრძოლო მასალა შეისყიდა, რომელთა სახეობებიც არ კონკრეტდება.