ახალი ამბები

სოხუმი თბილისისგან ტვირთის დაკავების გამო კონპენსაციას მოითხოვს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზური მხარე ქართული მხარისგან 3 ივლისს თურქული გემის დაკავების გამო ზარალის ასანაზღაურებლად კონპესაციას მოითხოვს. თუმცა არ კონკრეტდება, თუ რა ტიპის კომპენსაციას ითხოვს სოხუმი.


3 ივლისს სანაპირო დაცვამ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ მცურავი თურქული გემი დააკავა და ტვირთის კონფისკაცია მოახდინა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით 1 აგვისტოს ჩამორთმეული ტვირთი აფხაზურ მხარეს გადაეცა.


შამბას განცხადებით, ამ საზღვაო ინციდენტის გამო ორჯერ ჩაიშალა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები.


“თუმცა მოლაპარაკებების პროცესის შეფერხება [აფხაზების გამოუცხადებლობის გამო] არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი უარს ამბობს პოლიტიკურ დიალოგზე“, იუწყება 3 აგვისტოს “აფსნიპრესი” შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.


გაეროს ეგიდით ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მორიგი მოლაპარაკებები 4 აგვისტოს თბილისში იგეგმება.    

Back to top button