ახალი ამბები

ხელყუმბარის ინციდენტში ეჭვმიტანილი წინასწარ პატიმრობაშია, გამოძიება კი “დასასრულს უახლოვდება”







შსს–ს მიერ გავრცელებულ ამ ფოტოში ჩანს, რომ
ეჭვმიტანილს წითელი ცხვირსახოცი უჭირავს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილიმა 23 ივლისს განაცხადა, რომ ბუშის ვიზიტის დროს მომხდარი ხელყუმბარის ინციდენტის გამოძიება  “დასასრულს უახლოვდება”. მისი თქმით, ამჟამად გამოძიება ცდილობს დაადგინოს ეჭვმიტანილის შესაძლო კავშირები, მათ შორის გაარკვიოს, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ არუთუნიანს, რომელიც ხელყუმბარის ინციდენტშია ეჭვმიტანილი, 23 ივლისს წინასწარი სამ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. 20 ივლისს, პოლიციასთან შეტაკებისას დაჭრილ არუთუნიანს, რომლის სასამართლო პროცესიც საავადმყოფოში ჩატარდა,  ბრალი ედება დამამძიმებელ გარემოებაში უშიშროების თანამშრომლის ზურაბ ქვლივიძის განზრახ მკვლელობაში, პოლიციის თანამშრომელთა მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებაში. არუთუნიანისთვის ხელყუმბარის საქმესთან დაკავშირებით ბრალი ჯერ–ჯერობით არ წაუყენებიათ. გამოძიება საქმის მოტივებზე მუშაობს.


“ამჟამად, ეჭვმიტანილის ყველა შესაძლო კავშირის დადგენას ვცდილობთ,  ვარკვევთ ჰყავდა თუ არა ეჭვმიტანილს თანამზრახველები“, განაცხადა მერაბიშვილმა.


23 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართული ტელეკომპანიების მეშვეობით გაავრცელა მოკლე ინტერვიუ ვლადიმერ არუთუნიანთან, სადაც ის კიდევ ერთხელ იმეორებს აღიარებით ჩვენებას, რომ პრეზიდენტ ბუშის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა ჰქონდა მაშინ, როცა აშშ–ს პრეზიდენტი 10 მაისს სიტყვით მიმართავდა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.


საავადმყოფოს ოთახში ჩაწერილ ინტერვიუში ეჭვმიტანილი რუსულად საუბრობს: “ხელყუმბარის გადაგდებას ტყვიაგაუმტარ შუშებს შორის ვცდილობდი, საიდანაც ხელყუმბარის ნამსხვრევებს ბუშამდე უნდა მიეღწია“, განაცხადა არუთუნიანმა.


შსს–ს თანახმად, ხელყუმბარა, რომელიც პრეზიდენტ ბუშის ადგილმდებარეობიდან მისივე მხარეს 30 მეტრში დავარდა, ნასროლი იყო ორნახევარი წუთის შემდეგ, რაც ჯორჯ ბუშმა სიტყვის წარმოთქმა დაიწყო. აშშ–ს ფედერალური ბიუროს განცხადებით, ხელყუმბარა მოქმედი იყო, თუმცა ვერ ამუშავდა.








ხელყუმბარის ფოტო, რომელზეც მითითებულია
შემდეგი თარიღი 10 მაისი, 2005, 13:59.
“ერთ–ერთი მიზეზი რატომაც აფეთქება არ მოხდა, შეიძლება ყოფილიყო ის, რომ ხელყუმბარა ცხვირსახოცში იყო გახვეული, რამაც ხელი შეუშალა ძირს მის მყარად დაცემას“, განუცხადა 23 ივლისს „რუსთავი 2“–ს ვანო მერაბიშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ხელყუმბარა სომხური წარმოების RGD-5 ტიპისაა.


გაზეთ “რეზონანსის“ თანახმად, ამ ეტაპზე მთავარი შეკითხვაა: მოქმედებდა ეჭვმიტანილი მარტო, თუ მას ჰყავდა თანამზრახველები?. უცნობია როგორ შეძლო ადამიანმა [ვლადიმერ არუთუნიანმა], რომელიც, მეზობლების თქმით, იყო უმუშევარი და ძალიან ღარიბი, სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობის მოპოვება, წერს 23 ივლისს “რეზონანსი“.


რამოდენიმე ხელყუმბარა, სამხედრო ფორმა, ღამის ხედვის ხელსაწყო, რამოდენიმე აირწინაღი იყო დაფიქსირებული არუთუნიანის საცხოვრებელ სახლში შსს–ს მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში. პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილს ასევე აღმოუჩინეს კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.


ამავდროულად, შსს–მ ეჭვმიტანილის გამოვლენის რამოდენიმე საგამოძიებო დეტალი გაახმაურა. 18 ივლისს პოლიციის მიერ გავრცელებული ეჭვმიტანილის ფოტოები გადაღებული იყო პოლონელი ფოტოგრაფის მიერ, რომელიც თავისუფლების მოედანზე არუთუნიანის ადგილსამყოფელთან ახლოს იჯდა. შსს–ს განცხადებით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანი დაიკითხა.


10 მაისს საქართველოსა და აშშ–ს პრეზიდენტების მოსასმენად ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა თავისუფლების მოედანზე, სადაც უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული.


10 მაისს თავისუფლების მოედანზე მოხვედრა მხოლოდ რუსთაველის გამზირიდან იყო შესაძლებელი, სადაც მოქალაქეები  მეტალო–დეტექტორების მეშვეობით სპეციალურ შემოწმებას გადიოდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც შუადღისთვის ხალხის მოზღვავება დაიწყო და ათასობით ადამიანი ერთდროულად შეეცადა თავისუფლების მოედანზე მოხვედრას, უსაფრთხოების  სამსახურმა მეტალო–დეტექტორები მოხსნა.

მსგავსი/Related

Back to top button